მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა, ინგლისის წინააღმდეგ მატჩამდე, საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანში, სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეხსან ხაჯსაფიმ საჯაროდ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, რომელთა ჩახშობასაც ირანის ხელისუფლება უკვე ორი თვეა ცდილობს.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთან ვართ, მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობები არასწორია და ჩვენი ხალხი უკმაყოფილოა. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი ხმა ან პატივი არ უნდა ვცეთ მათ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მათგანაა.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვითამაშოთ, გავიტანოთ გოლები, რათა შედეგით ირანის მამაცი ხალხი წარმოვაჩინოთ. იმედი მაქვს, რომ პირობები შეიცვლება“, - თქვა ეხსან ხაჯსაფიმ, რომელიც საფეხბურთო კლუბ „აეკ ათენის“ მოთამაშეა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებს თანამემამულე დემონსტრანტების მიმართ მხარდაჭერა აქამდე არ გამოუხატავთ. ისინი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საჯაროდ კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდნენ, რის გამოც გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურეს. დოჰაში გამგზავრებამდე ნაკრების წევრები ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შეხვდნენ. პრეზიდენტთან ერთად გადაღებულმა ფოტომ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ხალხის აღშფოთება გამოიწვია.
„ყველა ჩვენგანი დადარდიანებულია, რადგან ირანში ჩვენიანებს კლავენ, მაგრამ ყველა ვამაყობთ ჩვენი გუნდით, რადგან მათ ეროვნული ჰიმნი არ შეასრულეს - იმიტომ, რომ ის არ არის ეროვნული, ის მხოლოდ რეჟიმისაა“, - უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა გულშემატკივარმა.
გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონატში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი უნდა ეთქვა: „ან თუ წასვლა აიძულეს, შეეძლოთ უარი ეთქვათ თამაშზე, ეჩვენებინათ, რომ ისინი ერის ნაწილი არიან, სოლიდარობა გამოეხატათ იმ ირანელი დედებისადმი, რომელთა შვილები საპროტესტო აქციების დროს რეჟიმმა მოკლა“.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან ანტისამთავრობო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ბაზირებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) ავრცელებს. მათი ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 58 ბავშვია. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა დაკავებულების შესახებ ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებს, HRANA-ს მონაცემებით, კი სულ მცირე 16 813 დემონსტრანტია დაკავებული, რომელთა შორის ასობით სტუდენტია.