არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებს საქართველოს გადაქცევას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ.
ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს, ასე იქცევა რუსული რეჟიმი“, - განაცხადა „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპირებენ, ყველა დაზარალებულს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ. მათი თქმით, აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიჰყვებიან და დამნაშავეთა გამოვლენას მოითხოვენ.
„თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ“,- აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
8 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა:
- უცნობმა პირებმა სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. მას სახის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“. ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
- საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს. ის „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა და აქტიურად არის ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „პირდაპირ ცემა დამიწყეს. რაღაც ჯოხები ეჭირათ. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს - ამას ამბობდნენ“, - თქვა გია ჯაფარიძემ. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადეს, აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმაც.
- საკუთარ უბანში სამი უცნობი თავს დაესხა აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და მონაწილეს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს. ის ფიქრობს, რომ მისი ადგილსამყოფელი თავდასხმამდე განხორციელებული სატელეფონო ზარით დაადგინეს. აქტივისტზე ანგარიშსწორებას წინ უძღოდა მუქარაც. „დაურეკეს 72 წლის მამას, რომელსაც პირდაპირ უთხრეს, შენი შვილი გაჩერდესო. ფაქტია, რომ პირადი ინფორმაცია გაჟონილია სახელმწიფო უწყებებიდან იმდენად დეტალურად იციან მისამართები, ტელეფონის ნომრები, მათ შორის, ოჯახის წევრების“, - ამბობს აქტივისტი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
7 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, ხოლო 5 მაისს, ლანჩხუთში, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს. პროკურატურამ აფხაზავას საქმეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ერთ პირს წარუდგინა, თუმცა დაზარალებული ამბობს, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. 3 მაისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია. ამასთან, ბოლო დღეებში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან, აგინებენ და ემუქრებიან მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც რუსულ კანონს აქტიურად უპირისპირდებიან.