„საქართველო გახდება ნატოს წევრი მაშინ, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა შეასრულოს ვალდებულებები, რაც გაწევრიანებას მოჰყვება, დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვის ჩათვლით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, რომელიც გულისხმობს ადამიანების თავისუფლებას, აირჩიონ საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში ამერიკის ელჩი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დიპლომატს ჰკითეს, რამდენად ემთხვევა მისი ადრეული ვარაუდები და მოლოდინები საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკას. ჯონ ბასის თქმით, ძალიან შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ევოლუცია ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ბოლო თვეებში.
„ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში ვიყავით ან ქართველებთან ერთად ვმუშაობდით, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა დაედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ეკარნახა - უნდა ყოფილიყო თუ არა ის თავისუფალი, აერჩია თუ არა თავისი უსაფრთხოებისთვის საჭირო ურთიერთობები, ამ შემთხვევაში, ნატოსთან, - ძალიან შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში…
როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ უზრუნველეყო პირობები, რათა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანად ასპარეზობის შესაძლებლობა ჰქონოდა, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ძირს უთხრის დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს.
ვიტყოდი, ერთდროულად ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალია“, - აღნიშნა ჯონ ბასმა.
აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა საქართველო მიიწვია ნატო სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. „ნატოს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორების ღონისძიებებზე“, - განაცხადა გუშინ ჯიმ ო'ბრაიენმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ამასთან, ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები შეუთავსებელია ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების სურვილთან.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მაისში, თბილისში ვიზიტით მყოფ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. „პრემიერმა განაცხადა, რომ ის მე არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ის, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. ის, რომ პრემიერი ამბობს, ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ინდივიდუალური ინტერესის უფრო მაღლა დაყენება ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა მაშინ ო’ბრაიენმა.