19-დღიანი პროტესტის შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარემ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, სამედიაციო შეთანხმება ძალაში დღეიდან, 24 ივნისიდან შევიდა.
„კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს. ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე. სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19 ივნისიდან დაწყებულ აქციაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ხელფასების 11.9%-იან ზრდას დათანხმდნენ.
„ორდღიანი თათბირისა და სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 1-ელი ივლისიდან მუშაობას განაახლებს. შედგა გარკვეული შეთანხმებები, კონკრეტულად - ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომლებიც მყისიერად გადაწყდება. შესაბამისად, დაანონსებული აქცია, რომელიც კვირას, საღამოს 7 საათზე უნდა შემდგარიყო, ვერ შედგება.
მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ ექვსი დღის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდით, მხარს გვიჭერდით და გვამხნევებდით. იმედია, აღარ დაგვჭირდება საგაფიცვო პირობებში ჩვენი სიმართლის დამტკიცება“, - განაცხადა მიქაცაძე.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა სამედიაციო შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროში გაფორმდა და მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.
„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3500-მდე მაღაროელი 7 ივნისიდან გაიფიცა. მათ წერილობით 14 მოთხოვნა გამოაქვეყნეს:
- ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს), რაც გაფიცვის პერიოდში მაღაროელებმა 20%-მდე შეამცირეს;
- 2023 წლის 1-ელ თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
- ბანკებში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
- მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
- მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
- მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგალითად, მოხდეს კონსერვის ამოღება და მისი ჩანაცვლება);
- დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა 1-ელ თებერვლამდე.
- ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
- ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
- გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე.
- გაუქმდეს ყველა შ.პ.ს [ე.წ. საშუამავლო კომპანიები] და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
- კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმუსის ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
პროტესტის პერიოდში 11 მაღაროელი ჭიათურის ცენტრში გაშლილ კარვებში შიმშილობდა. მათგან ერთმა პირი ამოიკერა, მეორემ თვალები. თვითდაზიანებები მიიყენა კიდევ ერთმა მაღაროელმა და ხელზე ვენები გადაიჭრა. მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას დათანხმდებოდა, რამდენიმე ათეულმა გაფიცულმა თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალა. თბილისში შიმშილობა კიდევ ოთხმა მაღაროელმა დაიწყო.