საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებითა და საგარეო კურსის შეცვლით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ერთიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და მე მევალება, თუ ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საკუთარ თავთან პირველ რიგში და ევროპაში ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა.
შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს რომელ ძალას უნდა მიანდოს ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა, დიდწილად, პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია. ეს არავის ბრალია. სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს“, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიას“ ხელმოსაწერად სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და „ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა“.
„ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა!
სხვანაირი ერთობა
ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ“, - პრეზიდენტმა განმარტა, რომ თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს.
„პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება.
სხვანაირი არჩევნები
დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა.
ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ „ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს!
სხვანაირი პარლამენტი
ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.
ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.
სხვანაირი მთავრობა
ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.
ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენი კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და საზოგადოებას გააცნო, რა რეფორმებს ითვალისწინებს „ქართული ქარტია“:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა.
ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა
სასამართლოს გათავისუფლება - გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით; შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები; მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება - ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია; ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ: სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება; ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:
პროკურატურას - გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით; საპროკურორო საბჭო გაძლიერდება.
სუსი/შსს - ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს - გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში აღვჭურვავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით. სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ეროვნულ ბანკს - დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს - გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შეიქმნება სათანადო პირობები: დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა
ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - ნათქვამია ქარტიაში.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ გეგმას სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ იყოს პროევროპული, პროდასავლური. მათ 1-ელ ივნისამდე უნდა გადაწყვიტონ, იღებენ თუ არა „ამ ძალიან რთულ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე“.