კენიის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, მეტყევეობის და სამთო მოპოვების კომიტეტმა კილიფის ოლქიდან საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოწყობილ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბების ექსპორტის საკითხზე გამოძიება დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ წელს ამოძირკვული რვა გიგანტური ხე დღემდე კენიაში რჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანონმდებლები სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის გარემოს მართვის ეროვნულ სამსახურს, გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში ჩართულობაში ადანაშაულებენ. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ ხეებს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად, მათი გაყიდვა შესაძლებელია.
კომიტეტის წევრები გასულ კვირაში კილიფის ოლქის იმ ორ სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც მიწიდან ამოღებული, საქართველოში საექსპორტოდ გამზადებული რვა ბაობაბი შეამოწმეს. კომიტეტის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უწყებებმა, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, პროცესში ადგილობრივები არ ჩართეს და არ უზრუნველყვეს, რომ ხეების შემსყიდველს, გიორგი გვასალიას მათთან ხეების ამოძირკვამდე შეთანხმებული პირობები შეესრულებინა. ადგილობრივები ჩივიან, რომ თითო ბაობაბი 100 000 კენიურ შილინგად (დაახლოებით 750 დოლარი) გაყიდეს, მაშინ, როცა, როგორც ამბობენ, საქართველოში მათი ფასი მილიონები იყო.
კომიტეტის წევრები კენიის სატყეო სამსახურის, ტყის კვლევის ინსტიტუტის და გარემოს მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ იმის გასაგებად, თუ რა როლი შეასრულა თითოეულმა მათგანმა მთელ ამ პროცესში. სატყეო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს მუამოდენიმ თქვა, რომ იმ დროისთვის, როდესაც საკითხის ყურადღება მიაქციეს, ბაობაბის ხეები უკვე ამოძირკვული და საექსპორტოდ გამზადებული იყო: „ჩვენ მოვიკითხეთ და გვაცნობეს, რომ ხეები საქართველოსთვის, შეკვეთილის ბოტანიკური ბაღისთვის იყო განკუთვნილი. განზრახული იყო მათი განთავსება იმ სექციაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული ხეებია“, - განაცხადა მან.
მეტყევეობის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარმა, დოქტორმა ლინუს ვეკესამ აღნიშნა, რომ სამეცნიერო და კონსერვაციის სტატუსის თვალსაზრისით, ეს კონკრეტული ხე არ არის კლასიფიცირებული როგორც გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა კენიის სანაპირო ნაწილში. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ხეების ამოძირკვისა და ექსპორტისთვის ნებართვის გაცემაში ინსტიტუტს მონაწილეობა არ მიუღია.
გარემოს მართვის ეროვნული ორგანოს ინფორმაციით, ხეების ამოძირკვის პროცესს გარემოზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია და შესაბამისად, მათ ექსპორტზე ნებართვა გასცეს. ამასთან, უწყების წარმომადგენელმა რობერტ ორინამ თქვა, რომ ბაობაბების მსგავსი ხეების დასაცავად კანონმდებლობა უნდა არსებობდეს, რადგან ადგილობრივ თემებს მათთან დიდი კულტურული კავშირი გააჩნიათ.
კომიტეტის წევრები ანგარიშის მომზადებას და საკანონმდებლო ორგანოში დებატების გამართვას გეგმავენ. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პირები, რომლებიც უკანონო ქმედებებში დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, პასუხს აგებენ.
კენიის მთავრობამ კილიფის ოლქიდან საქართველოში ბაობაბების ექპორტის ნებართვა ხელახლა 2023 წლის 18 იანვარს გასცა. 30 იანვარს, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ (Kituo cha Sheria) მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხეებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების მოქმედება შეჩერებულია.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კერძო ინვესტორებმა კილიფის სოციალურად გაჭირვებული მცხოვრებლები გამოიყენეს. ორგანიზაციის მოთხოვნებია: დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა, მთავრობისთვის ბაობაბების ამოძირკვისა და ექსპორტის აკრძალვა, კერძო კომპანიის მიერ უკვე ამოძირკვული ხეების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება.
ბაობაბი („სიცოცხლის ხე“) აფრიკის 32 ქვეყანაში იზრდება, შეუძლია 5000 წლამდე იცოცხლოს, მიაღწიოს 30 მეტრს სიმაღლეში და 50 მეტრს გარშემოწერილობაში. მას დიდი მოცულობით წყლის შენახვის და სხვადასხვა გარემო პირობებში გადარჩენის უნარი აქვს. ბაობაბი მრავალფუნქციური ხეა, რომელიც თავშესაფრით, საკვებითა და წყლით უზრუნველყოფს ცხოველებსა და ადამიანებს. კენიელები მისი ნაყოფის რბილობს, თესლს, ფოთლებს, ყვავილებს, ფესვებსა და ქერქს იყენებენ. ბაობაბი კენიის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და 2010 წლიდან კონსტიტუცია იცავს.