ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე 520 920 ლარის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა ისინი წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდათ, რასაც, პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
წყალკანალის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ედავებიან, რომ დანაშაულებრივი სქემით, 520 920 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ, 2019-2021 წლებში დაეუფლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიქელაძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ოქტომბერში, პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბუღალტერმა უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი.
სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა ბუღალტერი, რომელიც აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში მუშაობდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს.
პროკურატურა 142 629 ლარის მითვისებას ედავება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს. ის მაისში დააკავეს. გამოძიების მასალების თანახმად, ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხული თანხები აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით არის დაკავებული ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ლელა წკრიალაშვილმა 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი. წკრიალაშვილი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.