აქცია კანცელარიასთან: „კობახიძე ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს, ან ჩვენ ავალთ“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მთავრობის კანცელარიასთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ვითარება დროდადრო იძაბება. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს დემონსტრაცია არის სრულიად მშვიდობიანი. აქ ერთადერთი მიზნით მოვედით, რომ კობახიძე ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს, ან ჩვენ ავალთ. ხომ ამბობდა, ნებისმიერ ქართველს დაველაპარაკებიო, აი, ნებისმიერი ქართველი, რამდენი ქართველია მოსული. მხოლოდ დალაპარაკებაზეა საუბარი. ამის ნაცვლად, გამოიყვანა ეს ხალხი [პოლიციელები] და გვეჭიდავებიან. თუ ერთ კაცს შეუშვებენ, მე შევალ მარტო. ჩართოს ფეისბუქ-ლაივი და ამიხსნას, როგორ არ არის ეს რუსული კანონი“, - განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარაძემ.

აქციაზე იმყოფებიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი ამბობენ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს, ნებისმიერ შენობაში შესვლის უფლება აქვთ.

პოლიციის კორდონის გარღვევა და კანცელარიის შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადა პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა. ის პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიასთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ რუსული კანონის უკან გასაწვევად მიცემული ერთი საათი უშედეგოდ ამოიწურა.

დღეს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით, 83 ხმით, მიიღო. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აპირებს რუსულ კანონს, თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ვეტო დაადოს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა,ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს. მათ საქართველოს მოუწოდეს, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „სინამდვილეში კანონი არის სწორედ რომ ევროპული“ და „ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს“ ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის მიზანთან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).