საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნების წინა დღეებში, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები“, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ ყალბი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. კობახიძის თქმით, „პოლიტიკურ წრეებში“ იგულისხმებიან „რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. თუმცა, მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები და კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-დან გაჟონილ ინფორმაციას და მასში გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. უწყება ამტკიცებს, რომ „პროვოკაციის“ მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება, საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნაა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა.
სუს-მა ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სამოქალაქო არეულობის მოწყობის თუ რევოლუციის საფრთხეების შესახებ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია. ბოლოს ასეთი განცხადება მაისში გამოქვეყნდა, როდესაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მაშინ სუს-ში ამბობდნენ, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფები“ ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც მიზნად ისახავდა „დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას“.