რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის „ახალ იერიშებზე“ გაამახვილა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა. მეტიც ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის [ანუ ომი ომის გარეშე] ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს.

რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს იერიშებია - მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგულ ნაბიჯები [ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციის და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება], ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საოკუპაციო ხაზთან გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება და მკვლელობა.

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდო-ერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება-დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება, მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების დროს.

ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია - ხან კარგი, ხან ცუდი და ჯამში, გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში.

ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციებისა: ფრენების აღდგენა, „ფე ეს ბე“-ს და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში. ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს ევროპული ორიენტაციაც და მის „საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები. ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევლად შერბილდა პოზიციები“. 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება გაუმკლავდა რუსული იმიგრაციის  და პროპაგანდის პროვოკაციებს, არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შეინარჩუნა სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა.  

დღეს, 6 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო ანგარიშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).