ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვანაღვლებს - არძინბა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია არ ანაღვლებს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი „რესპუბლიკისთვის“ ახალ პერსპექტივებს ხსნის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„აფხაზეთის რესპუბლიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლის და გეოპოლიტიკური რეალობის სუბიექტს. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტის შესახებ მესამე ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს რეაქცია ჩვენ არ გვანაღვლებს“, - აღნიშნა ინალ არძინბამ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე, რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს, ლუკაშენკოს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ინალ არძინბამ უმასპინძლეს. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთი დღით ადრე, აფხაზეთის პრობლემებს რუსეთის პრეზიდენტთან და „უფროს ძმასთან“, ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილავდა.

„ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამის გაკეთებას ვერანაირი სანქციები ვერ შეძლებს. აფხაზეთი, როგორც ის ამბობს, არ უნდა იყოს მიტოვებული, საჭიროა მისი დახმარება, რათა ამ აყვავებულმა მხარემ და აქ მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს“, - თქვა ლუკაშენკომ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თაობაზე კითხვას ასლან ბჟანიამ ასე უპასუხა:

„თავად ის ფაქტი, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჩამოვიდა აფხაზეთში, ბევრს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აქამდე [აღიარებამდე] მივალთ. არ მინდა, წინ გავიქცე, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. ფაქტი მომხდარია. შეხვედრით კმაყოფილი ვარ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხვა წევრებმა და პრეზიდენტმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სამართალთან, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებთან.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.