„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ივანიშვილმა 31 აგვისტოს, ოზურგეთში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირების შინაარსი დააკონკრეტა. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
„გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
იმისთვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის სიტყვით გამოსვლის დროს ამჯერადაც ტყვიაგაუმტარი შუშით შემოსაზღვრულ ტრიბუნასთან იდგა.
წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელ ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. 29 აგვისტოს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, წმინდა სინოდის წევრმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სურვილია, „ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული“. როგორც ირკვევა, 30 აგვისტოს, საპატრიარქოში ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით შედგა. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე რედაქცია განიხილეს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის როლის კიდევ უფრო გამოკვეთას დაეკლესიის უფრო მეტ მხარდაჭერას ეხება.
„როდესაც წერია „სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“, მას დაემატოს ასევე თანამედროვეობაც, ეს როლი მხოლოდ ისტორიით არ იყოს შემოსაზღვრული.
კონკრეტულად რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად. ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ძალაში უნდა დარჩეს“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.
ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით (კონკორდატი), რომელიც პარლამენტმა 2002 წელს დაამტკიცა.