„მთის ამბების“ ფეისბუკგვერდიდან მასობრივად წაიშალა შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული საგამოძიებო ფილმები და კრიტიკული რეპორტაჟები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 2 კობახიძე შუქრუთელების პროტესტზე - ასეთი აქციები ხშირად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 რაც მოვისმინეთ, გაგვაოგნა - პრესის თავისუფლების მისია საქართველოში მედიის მდგომარეობაზე
- 6 საზღვარგართ მყოფი დევნილების ნაწილი არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს
გამოცემის ფეისბუკგვერდიდან მასალების წაშლა 15 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე დაიწყო და ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის 2023-2024 წლებში გამოქვეყნებული ასზე მეტი მასალა. კონტენტი წაშალეს იმ მომხმარებლების პირადი გვერდებიდანაც, ვისაც ის გაზიარებული ჰქონდა ან სადაც მონიშნული იყო გამოცემა.
„დილის მერე უკვე 4 შეტყობინება მომივიდა, რომ „მთის ამბების“ მიერ გაშუქებული ამბები, რომლებიც გაზიარებული მქონდა გვერდზე, წაიშალა ჩემივე გვერდიდან. წაშლილი პოსტებიდან 3 ჩემი ოჯახის ტრაგედიას ეხებოდა და 2023 წლის ოქტომბრით თარიღდებოდა ერთ-ერთი პოსტი. დასკვნა თავად გამოიტანეთ“, - დაწერა შოვის სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედამ, ია მერებაშვილმა.
სტუდია „მონიტორის“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და სხვა ორგანიზაციების ფეისბუკგვერდებიდან წაიშალა ის მასალებიც, სადაც შოვის ტრაგედიაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმით „მთის ამბები“ მონიშნული იყო ფინალისტებსა და გამარჯვებულებს შორის. წაიშალა Movement EDU-ს მიერ მომზადებული ვიდეოც, სადაც „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობდა.
„ჩემი კედლიდანაც ყველაფერი წაიშალა რაც კი „მთის ამბებს“ ჰქონდა ნაშრომი და გაშუქებული. როგორც ჩანს, სპეციალურად ორგანიზებული ამბავია, სიმართლის კვალი რომ წაიშალოს“, - წერს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
„მისდგომიან „მთის ამბებს” და როგორც ჩანს არეპორტებენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს. ფეისბუკიც შლის და შლის. რამდენიმე შეტყობინება მომივიდა მეც, რომ ჩემი პოსტები, რომლებშიც „მთის ამბების“ მასალები მქონდა გაზიარებული წესებსა და სტანდარტებს არღვევს. ქარტიის პრიზის გამარჯვებულებისთვის მილოცვაც კი წამიშალა, რადგან პოსტის ქვემოთ ბმულები იყო და მათ შორის „მთის ამბებისაც“. ფეისბუკს გადაწყვეტილების გადახედვა მოვთხოვე. არ ვიცი, რა შედეგი ექნება ამას, მაგრამ ალბათ, ყველამ იგივე უნდა გავაკეთოთ. ისე, რამდენიც არ უნდა წაშალონ, გონებიდან მაინც ვერ ამოშლიან. შოვის ამბებიც გვახსოვს, რაჭის ტყეების ოკუპაციაც და კიდევ ბევრი“, - დაწერა თამარ რუხაძემ, მედია პროდიუსერმა.
Meta, ფეისბუქის მფლობელი კომპანია, მასალების წაშლის მიზეზად კიბერუსაფრთხოებას ასახელებს. „როგორც ჩანს, თქვენ ცდილობდით სხვებისგან სენსიტიური ინფორმაციის შეგროვებას“, - ნათქვამია Meta-ს შეტყობინებაში. „მთის ამბებმა“ რეაგირებისთვის Meta-ს უკვე მიმართა.
„მთის ამბების“ ფეისბუკგვერდი არ არის ერთადერთი, საიდანაც მასალები მასობრივად იშლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ 60-მდე პოსტი, მათ შორის, სტატიები სასამართლოს კლანზე წაიშალა მისი ორგანიზაციის ფეისბუკგვერდიდან. Meta ამ შემთხვევაშიც მიზეზად კიბერუსაფრთხოებას ასახელებს.
„მთის ამბები“ არაერთხელ გახდა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან თავდასხმის სამიზნე. ევროკავშირის მედია კონკურსში შოვის ტრაგედიაზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით მონაწილეობის გამო კი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტება მოითხოვა,
მანამდე, შოვის ტრაგედიის კრიტიკულად გაშუქების გამო მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გამოცემის დამფუძნებელსა და რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, „არაკაცი“ უწოდა.
გელა მთივლიშვილი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სიძულვილისა და ძალადობის წამახალისებელი კამპანიის ერთ-ერთი სამიზნეც იყო. თბილისში, იმ შენობაზე, სადაც „მთის ამბების“ რედაქციაა განთავსებული, წინა თვეში არაერთხელ დატოვეს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი წარწერები. დიმიტრი სამხარაძემ, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, აღიარა, რომ სიძულვილის კამპანია მის მიერ იყო ორგანიზებული.