„მეკითხებოდნენ რას ვფიქრობდი 17 მაისზე, აბორტზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას“ - აქტივისტის თქმით, პოლიციამ უკანონოდ დააკავა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ცხოველთა უფლებების დამცველი, აქტივისტი ლუკა კინწურაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 9 ივლისს, ავტობუსის გაჩერებაზე უკანონოდ დააკავეს, თბილისიდან გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და ორი დღის განმავლობაში ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მის დაშინებას ეცადნენ და დაკავებამდე გადაღებული ვიდეოს წაშლა აიძულეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ლუკა კინწურაშვილი წერს, რომ 9 ივლისს, დღის 3 საათზე ზოომაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამმა პოლიციელმა გააჩერა და საბუთების წარდგენა მოთხოვა. კინწურაშვილის თქმით, პოლიციელები უხეშად ესაუბრებოდნენ და არ განუმარტავთ, რატომ ამოწმებდნენ, რის გამოც, საჭიროდ მიიჩნია ვიდეოს გადაღება. მისი მონაყოლის მიხედვით, ვიდეოს გადაღებისას ერთ-ერთი პოლიციელი ხელში წვდა და ტელეფონის წართმევა დაუპირა.

„არ ვთმობდი ტელეფონს. დაახლოებით 10 წუთში მოდის დაბურულფანჯრებიანი შავი მანქანა, სადაც არაფერი ჩანს. გადმოდის კიდევ ერთი უფორმო, მეკითხება რა ხდება ლუკაო. ხელს მიწვდის - არ ვართმევ ხელს და ვუხსნი, რაც ხდებოდა. მწვდა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი. ჩატენეთ მანქანაშიო ამის… გადამიგრიხეს ხელები ისე, რომ ორი დღე მტკიოდა. რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა, ვთხოვდი რომ გადავეყვანე პოლიციის განყოფილებაში, რომ თავს არ ვგრძნობდი უსაფრთხოდ. მიყვიროდა და მლანძღავდა. შემდეგ გამიჩხირკეს ჩანთა ასევე მანქანაში. ამ დროს ვითხოვდი, რომ ვინმე გამვლელისთვის მაინც ეთხოვათ დასწრებოდა ჩხრეკას. ვერაფერი რომ ვერ ნახეს ჩანთაში, გადამიყვავანეს ბორკილებით პოლიციაში“, - წერს ლუკა კინწურაშვილი.

ლუკა კინწურაშვილის თქმით, განყოფილებაში განუმარტეს, რომ პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლისთვის იყო დაკავებული და ოქმზე ხელმოწერას სთხოვდნენ.

„ვითხოვდი ოჯახთან ან იურისტთან დაკავშირებას. განყოფილებაში მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე - ცხოველების სიცოცხლე თუ გადარდებს ბავშვების (ზიგოტას) „მოკვლას“ რატომ ვემხრობოდი და რაც ყველაზე საწყენია, ამას ქალი მეკითხებოდა.

ათას სისულელეზე საუბრის შემდეგ პოლიციის უფროსი გამოდის და მანამდე რომ მაგინებდა, ეხლა მიწყებს საუბარს ჩემს შვილსაც არ უყვარს ხორცი და ათას სისულელელით ცდილობდა ჩემი ნდობის მოპოვებას. ახალი ხარ ამ უბანში და მაგიტომ გამოწმებდითო, ტყუილად შეიქმენი პრობლემებიო“, - ამბობს კინწურაშვილი.

მისივე მონაყოლის მიხედვით, პოლიციის უფროსი დაკავებამდე გადაღებული ვიდეოს წაშლის სანაცვლოდ გათავისუფლებას დაპირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „კაპეზეზე“ (დროებითი მოთავსების იზოლატორი) გადაყვანით დაემუქრა.

„აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ ვყოფილვარ, ძაღლიც ცუდად მყავდა, 4 დღე გადასხმებს ვუკეთებდი და დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი ვიდეოების წაშლას იმ პირობით, რომ გამიშვებდენ და „კაპეზეზე“ არ გადამიყვადნენ. მომხსენს ბორკილები, მომცეს ტელეფონი, წავშალე ვიდეო და დაადეთ ბორკილები გადაიყვანეთ „კაპეზეზეო“.

11 ივლის გამომიყვანეს კაპეზედან, გურჯაანში ვიყავი გადაყვანილი. პოლიციაში დაბრუნებისას არ მქონია საშუალება დავკავშირებოდი იურისტს, რადგან ტელეფონი არ მქონდა თან. ამიტომაც ხელი ისევ არ მოვაწერე დოკუმენტს, რომ ვეთანხმებოდი, თითქოს, პოლიციას ხელი შევუშალე თავის საქმიანობის შესრულებაში“, - ამბობს ლუკა კინწურაშვილი.

მის საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და ლუკა ნაცვლიშვილის მოთხოვნით, 22 ივლისამდე გადაიდო. მოქალაქის თქმით, შინაგან საქმეთა სდამინისტროს მოწმედ ორი პოლიციელი ჰყავდა მიყვანილი - „ვინც პირველად ტელეფონის წართმევა ცადა, ის და კიდევ ერთი თანამშრომელი. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს სიტყვას პოლიციელის სიტყვაზე მეტი ფასი ექნება. ცამდე მართალი ვარ. თავიდან უნდოდათ პოლიციის შეურაცხყოფისთვის და ხელშეშლისთვის დაკავება. პოლიციელმა მუცელზე მიჩქმიტა და თავხედი ხარო რომ ვითხარი, ეგ ეგონა შეურაცხყოფა, ალბათ და მე რომ უშვერი სიტყვებით მამკობდნენ. ეგ არაფერი“, - ამბობს მოქალაქე.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ევალება. ლუკა კინწურაშვილის ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებაზე მის უკანონო დაკავებას სამი ადამიანი შეესწრო. 

პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილიც. მისი თქმით, 15 ივლისს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ქუჩაში უკანონოდ დააკავეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მის პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების მიზნით, ტელელეფონი წაართვეს. ის პოლიციის განყოფილებაში 4 საათზე მეტი გააჩერეს და ამ ხნის განმავლობაში ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. ობოლაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა ტელეფონიდან წაუშალეს რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც უკანონო დაკავებამდე მოასწრო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.