„მმართველ პარტიას სურს ჩვენს სანდოობას ძირი გამოუთხაროს“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი კიდევ 7 ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წევრებთან ერთად საქართველოში იმყოფება. როთმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენ არ ვიმყოფებით აქ როგორც მტრები. ჩვენ არ ვიმყოფებით აქ, რათა ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, რომ ხანდახან რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია. ნორმალური პრაქტიკაა, რომ, მაგალითად, ჩემი კოლეგები ახდენენ ინტერვენციას, ჩარევას, როდესაც გერმანიაში იქმნება პრობლემები და ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს, ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს ერთმანეთს როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი. ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“, - თქვა როთმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გერმანელი დეპუტატის თქმით, ის და დელეგაციის სხვა წევრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნებით და ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმდებებით.
„არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, ფართოდ იყო გავრცელებული ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება.
მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს გამოძიება. სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირის მას ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო მანიპულაციასა და ამომრჩელეთა დაშინებაზე“, - განაცხადა მიხაელ როთმა და აღნიშნა, რომ ის ვინც, ძირს უთხრის დემოკრატიას, „ფასი უნდა გადაიხადოს“.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ყველა ინსტრუმენტზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, რაც დიდი მიღწევაა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. [...]
თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და არ მოხდება, მაგალითად, „აგენტების“ რუსული კანონის გაუქმება, გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
თუ თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ერთი მხრივ, ხდება წნეხი სექსუალურ უმცირესობასა და მეორე მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, ეს არ არის მართალი. აქ ვიმყოფებით, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდა ჩვენი მიღების. ეს არის გულდასაწყვეტი, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია“, - თქვა მიხაელ როთმა.
საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. მათ შეხვედრაზე უარი უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“. პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად დელეგაციის ზოგიერთი წევრის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „არამეგობრული დამოკიდებულება“ დაასახელა. ის დელეგაციის წევრებს საქართველოში „ევროპის სახელით არეულობის დათესვაში“, არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.