ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია მიწვეული. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
კითხვაზე, იყვნენ თუ არა მიწვეულები პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მილერმა უპასუხა, რომ „პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სამიტს ილია დარჩიაშვილი. მეთიუ მილერმა შეკითხვას, მიიღეს თუ არა საქართველოს მხრიდან დასტური სამიტთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის განზრახვებთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს:
„საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული“.
ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. გუშინ, 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, ხოლო ვინ გაემგზავრება აშშ-ში, მოგვიანებით დაზუსტდება.
ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო და საპროტესტო აქციები დაარბია, აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რაც ფინანსური დახმარების გადახედვასაც გულისხმობს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილიც.
