საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწერებას მხარს უჭერს. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვას, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, 69%-მა დადებითი პასუხი გასცა, 21% მიიჩნევს, რომ არ უნდა შემოიღოს, 10%-მა კი არ იცის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სავიზო რეჟიმის შემოღებისადმი მხარდაჭერა უფრო მაღალია თბილისში (79%), 18-34 წლის ადამიანებში (74%), ქალებსა (72%) და ოპოზიციის მხარდამჭერებში (79%). ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ. კერძოდ, 32% სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა, 37% - არა, 31%-მა კი „არ იცის“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 459 541 მოქალაქემ გადმოკვეთა. 2021 წელთან შედარებით, ზრდა 401%-ია.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, თუ 2022 წლის მარტში უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 85%-ს ჰქონდა, წლის ბოლოს, დეკემბერში, უარყოფითი დამოკიდებულება 80%-მა დააფიქსირა. რუსეთის მთავრობის მიმართ ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (44%) აქვთ. უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა მხოლოდ 34%-მა აჩვენა, ხოლო 19%-ის პასუხი იყო „არ ვიცი“.
რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა (56%) რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
უმრავლესობის, ანუ გამოკითხულთა 69%-ის აზრით, საქართველოში რუსების შემოსვლას შესაძლოა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, 17% ფიქრობს, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება, 8%-მა „არ იცის“, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ არანაირი გავლენა არ ექნება.
კვლევის მიხედვით, მაშინ, როდესაც თბილისში გამოკითხულთა 74% ფიქრობს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას შეიძლება ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა (38%) რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის. მათგან მხოლოდ 36%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა უარყოფითი ზეგავლენის მომტანი შეიძლება იყოს, 23%-მა კი არ იცის.
უმრავლესობისთვის - 57%-სთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. მისაღებია 29%-სთვის, 13%-მა „არ იცის“. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა (64%), ქალები (61%) და ოპოზიციის მხარდამჭერები (71%) აფასებენ.
კვლევა 2022 წლის 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.