რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 1-ელ მარტს მოსკოვში დაკრძალეს. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
ალექსეი ნავალნის ცხედარი მორგიდან თავდაპირველად მარინოს რაიონში მდებარე ეკლესიაში გადაასვენეს. იქ დილიდან ასობით პოლიციელი და „როსგვარდიის“ თანამშრომელი მობილიზდა. ტაძართან მისასვლელი გზები რკინის ჯებირებით იყო გადაკეტილი.

პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად ტაძარში ძირითადად გარდაცვლილის დედ-მამა, ოჯახის წევრები და ნათესავები შეუშვეს. ნავალნის გუნდის ინფორმაციით, რუსეთის ეკლესიის საპატრიარქომ ტაძრის მოძღვარს მოსთხოვა, პანაშვიდი რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა.

„შენ არ გეშინოდა და ჩვენც არ გვეშინია“, „სიყვარული შიშზე ძლიერია“, „რუსეთი თავისუფალი იქნება“ - ისმოდა შეძახილები და ტაში ალექსეი ნავალნის გამოსვენების დროს.

ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონია ფრენკ სინატრას სიმღერის, My Way-ის ინსტრუმენტული ვერსიის ფონზე ჩატარდა.
პოლიტიკოსის უკანასკნელ გზაზე გაცილება ვერ შეძლეს მისმა მეუღლემ და შვილებმა, ასევე, უახლოესი თანამებრძოლების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, იძულებულნი არიან, საზღვარგარეთ იცხოვრონ.

მედიის ინფორმაციით, ტაძრის სიახლოვეს შენიშნეს რამდენიმე უცხოელი დიპლომატი, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად მივიდა პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინიც, რომელსაც ხელისუფლებამ მოახლოებულ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ მისცა.

ალექსეი ნავალნის დაკრძალვიდან რამდენიმე საათის შემდეგაც ბორისოვის სასაფლაოსთან ხალხის გრძელი რიგი იდგა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ სასაფლაო დაიკეტა და მოქალაქეებს იქ შესვლის უფლებას აღარ აძლევდნენ.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ადამიანები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშიც შეიკრიბნენ. გამოცემა OVD Info-ს ცნობით, 19 ქალაქში სულ მცირე 128 მოქალაქე დააკავეს. ხსნოვნის ღონისძიებები გაიმართა საზღვარგარეთაც.
რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა. ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა კოლონია „პოლარულ მგელში, რომელიც ხარპის დასახლებაში, პოლარული წრიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი პუტინმა მოკლა.
