მოვიდა დრო, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ - ალიევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყარაბაღის კონსფლიქტის დასრულების შემდეგ მოვიდა დრო, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი განზრახვა ასეთია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს, საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ აცნობა.

„ჩვენ სომხურ მხარეს ხუთი ძირითადი პრინციპი წარვუდგინეთ. ვიმედოვნებ, სომხური მხარეც გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ამ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. თუ ასე მოხდა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა იქნება და ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის.

დღეს, საუბრისას, გავცვალეთ აზრები საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთის კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით. თუ სომხური მხარე მზად არის ამისთვის, ჩვენ მზად ვართ“, - თქვა ალიევმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიესალმება ილჰამ ალიევის მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, მშვიდობიან პოლიტიკას ხელი შეუწყოს: „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება. მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“.

6 ოქტომბერს, ჩეხეთში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობდნენ, ერევანმა და ბაქომ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება დელიმიტაციის კომისიების მუშაობას. გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის ტერიტორიაზე ორი თვით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განთავსდება. ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ამ ვადის გახანგრძლივება აუცილებელია.

აზერბაიჯანი სომხეთს სთავაზობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხუთ პრინციპს დაეფუძნოს: ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის აღიარებას; ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის დადასტურებას და ვალდებულების აღებას, რომ ასეთი პრეტენზია მომავალში არ წამოიჭრება; ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან თავის შეკავებას; სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას; სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციების განბლოკვას.

სომხეთის ხელისუფლება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამი საკონტროლო გამშვები პუნქტის შექმნას ითხოვს აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანული მხარე ამ ვარიანტს „არარეალურს“ უწოდებს.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ. სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერშიც. 13 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას, სომხურ მხარეს 207 ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო. ათობით მსხვერპლი იყო აზერბაიჯანის მხარესაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.