მაიკლ მაკფოლმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა რუსეთის დეფერაციაში (2012-2014), სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ Washington Post-ში გამოაქვეყნა წერილი - „მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მაკფოლი წერს, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიო უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე „სწორად არის ფოკუსირებული“, რუსეთის ლიდერი აგრძელებს თავისი დესტაბილიზაციის, ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევას მსოფლიოს სხვა ადგილებში, მათ შორის, პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველოში.
„ზუსტად ახლა, იქ ციხეში იტანჯება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, სიკვდილს უახლოვდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა - სწორედ სამშობლოში დემოკრატიისთვის წარსულში გაწეული სამსახურის გამო.
ორი ათეული წლის წინ სააკაშვილი წყვდიადიდან გამოჩნდა, რათა დემოკრატიული გარღვევების მსოფლიო გმირი გამხდარიყო. 2003 წელს სააკაშვილი სათავეში ედგა საქართველოში ვარდების მშვიდობიან რევოლუციას, რომელმაც დაამხო ცნობილი კორუმპირებული რეჟიმი და ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ლიდერების პრო-დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპისკენ სვლას.
ყველა რევოლუციის მსგავსად, ვარდების რევოლუციასაც ჰქონდა სადავო საკითხები. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რა, რომ მოკლე დროში გაეძლიერებინა სახელმწიფოს ძალაუფლება და გამკლავებოდა საქართველოსთვის დამახასიათებელ კორუფციას, სააკაშვილი ზოგჯერ ახტებოდა დემოკრატიული ნორმებს, მაგრამ საქართველოს ზოგადი დემოკრატიული ტრაექტორია სააკაშვილის ეპოქაში არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს რამდენიმე ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმა პოსტსაბჭოთა სამყაროში. მნიშვნელოვანია, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემას. სწორედ ეს არის ის, რასაც დემოკრატები აკეთებენ.
დასავლეთში, დემოკრატი ლიდერები სააკაშვილს აღიარებდნენ როგორც შთამაგონებელ დემოკრატს და ეფექტურ რეფორმატორს. ვარდების რევოლუციის დროს წარმატებით გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი მომდევნო წელს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციაში გაიმეორეს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სააკაშვილთან ახლო პირადი ურთიერთობა დაამყარა. თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი დაარქვეს. ჯო ბაიდენი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი ასევე მოხიბლული იყო ქართველი ლიდერით (მე მათი ურთიერთგაგების მოწმე გავხდი, როცა 2009 წელს, ბაიდენს ვახლდი საქართველოში ვიზიტის დროს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობის პირი). პატივისცემა გულწრფელი იყო. სააკაშვილი არ გახლდათ სრულყოფილი, ის შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები, ისტორიული იყო.
თუმცა, იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სააკაშვილი ეჯავრებოდა: ვლადიმერ პუტინი. მის სამხრეთ ფლანგზე წარმატებული ქართული დემოკრატია იყო ანათემა ყველაფრისთვის, რასაც პუტინი ემხრობოდა და მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, აღეკვეთა სააკაშვილის განზრახვა დასავლეთში საქართველოს გამაგრების თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ. პუტინს საქართველოსა და უკრაინაში ფერადი რევოლუციების ეშინოდა და სწორედ იმიტომ, რომ ისინი რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას ემუქრებოდნენ. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შეჭრით, პუტინმა საკუთარი გეგმები გამოააშკარავა. ამის შემდეგ მან ქვეყნის ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რითაც ბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები გაიყინა.
მაშინ, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქ თბილისისკენ მიიწევდნენ, ზოგიერთები სააკაშვილს გაქცევისკენ მოუწოდებდნენ. სააკაშვილმა დარჩენა არჩია, როგორც გასულ წელს, უკრაინაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საბოლოო ჯამში, პუტინმა გადაწყვიტა, არ ეცადა ან სააკაშვილის დაკავება ან მისი მოკვლა ან საქართველოს ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობა, მაგრამ რუსეთის ლიდერი კვლავინდებურად ფოკუსირებულია ქართველი პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრაზე (დღეს რუსეთს კვლავინდებურად ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი).
პუტინი და მისი მოკავშირეები მალე მიხვდნენ, დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით როგორ მოეყვანათ ხელისუფლებაში რუსეთის ერთგული მიმდევრები, რომლებიც ორგანიზებული იყვნენ საქართველოში პუტინის მთავარი წარმომადგენლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ (რომელიც რუსეთში გამდიდრდა და არა საქართველოში).
ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის დაშლა, რამაც მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია. გასულ წელს, ევროკავშირმა უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად გამოაცხადა წევრობის კანდიდატებად, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს დაკნინებული სტატუსის დრამატიზებას ამაზე უკეთ ვერაფერი შეძლებდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა უფრო ავტოკრატიული და რუსეთთან მეგობრული გახდა, სააკაშვილმა იქ საკუთარი როლი ვერ დაინახა და გაემგზავრა უკრაინაში, სადაც სხვადასხვა ხარისხის წარმატებით ეკავა რიგი ოფიციალური თანამდებობები. მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრება არასწორად მიაჩნდა. სურდა, რომ ეცადა, საქართველოს მცოცავი ავტოკრატია უკუექცია. ასე რომ, 2021 წელს ის დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააკავა, „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდებით და მას შემდეგ პატიმრობაშია. მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ბოლოდროინდელმა სურათებმა კლინიკიდან, სადაც ის ახლა იმყოფება, აჩვენა, რომ ის გამოფიტული და დეზორიენტირებულია.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, უნდა გააკეთოს სასწრაფო მოწოდება სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული საფუძვლებით, ბაიდენმა და სხვებმა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, სააკაშვილი შეიწყალოს და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება - ამ ზომის მიღება უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.
ციხეში სააკაშვილის სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა იქნება. ეს არავის ესმის უფრო უკეთ, ვიდრე ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას მიმართა „გამოიჩინოს მოწყალება“ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებით.
ზელენსკი სწორად მოიქცა, ეს რომ გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ. თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოშიც, სააკაშვილის გათავისუფლებაზე ზეწოლით“, - წერს მაკფოლი.
„არა და არასოდეს“, - ასეთი იყო ერთი წლის წინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს, მოგვიანებით კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ექსპერტების დასკვნის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ქვეყნის რეპუტაციისთვის და ასევე, ჩვენი ღირსებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი აქვს, რომ სასამართლო ღირსეულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
28 დეკემბერს, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული წევრების მიერ დაფუძნებული „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სხვადასხვა ოპერაციის დროს მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. ის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია.