სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რქაწითელს კომპანიები შარშანდელზე 10 თეთრით ძვირად ჩაიბარებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კერძოდ, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებს კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კილოგრამის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია კილოგრამ რქაწითელზე 20 თეთრი იქნება. შარშან, 1 კგ ყურძენში კომპანიებს ჩამბარებლისთვის არანაკლებ 90 თეთრი უნდა გადაეხადათ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ფინანსური ინტერვენციის შედეგად, 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემა, რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას კი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების საშუალება ექნება.
„2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს დაახლოებით 300 000 ტონას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის განხორციელდება რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც იმისთვის, რომ სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე, ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მევენახეებმა 306 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. გარდა ამისა, გასულ წელს ღვინის ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა - მსოფლიოს 66 ქვეყანაში 260 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა.
საქართველოში რთველის სუბსიდირება 2008 წლიდან დაიწყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის მოსავალი პირდაპირ არ დაუსუბსიდირებია, თუმცა მაშინ ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო კომპანია „აკურას“ 10-10 მილიონი ლარი გამოუყო. 2019 წელს 10 მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა და კომპანიისთვის გამოყოფილმა თანხამ ჯამში 80 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წელს რთველი 87 მილიონი ლარით დასუბსიდირდა, 2021 წელს - 138 მილიონით, ხოლო 2022 წელს - 150 მილიონით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რთველის სუბსიდირების საკითხი შეისწავლა და კორუფციული ტიპის პრობლემები გამოავლინა. 2021 წელს რთველზე გაცემული 138 მილიონი ლარის სუბსიდიიდან 30 343 512 მილიონი იმ 31-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც ბოლო წლებში მმართველ პარტიას 3 626 420 ლარი შესწირეს. სუბსიდიის მსხვილ ბენეფიციარებს შორის იყვნენ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ასკანელი ძმები“, „სარაჯიშვილი“, „გრუზვინპრომი“, „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და სხვები.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებას ხელს არ უწყობს.