საქართველოს მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის, ხოლო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნის გამო. ბრიუსელსა და ბერლინში ადეიშვილის ვიზიტების შემდეგ, მთავრობა აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს დამნაშავეები გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მთავრობა „ღრმა წუხილს და შეშფოთებას“ გამოთქვამს „იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“.
„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 11 მარტს, გაავრცელა.
„უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა. აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა.
ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე“.
მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს არაერთგზის მიმართა ამ პირების გადაცემის თაობაზე. ამის მიუხედავად, „უკრაინის ხელისუფლებამ არ გამოავლინა აუცილებელი პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს დამნაშავეები არ გადასცა“.
„საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.
გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“, - აცხადებს საქართველოს მთავრობა.
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.
ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქე და ამავე ქვეყნის გენერალური პროკურორის მრჩეველია, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელსა და ბერლინში იმყოფებოდა. ის და უკრაინის გენპროკურორი ანდრი კოსტინი ბრიუსელში, ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანის შეხვდნენ, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.
„როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებისგან განმარტების გაკეთებაც მოითხოვა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, გერტ იან კოპმანის და უკრაინის დელეგაციის შეხვედრის „სხვაგვარად წარმოჩენა“ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა.