სომხეთის მთავრობის განცხადებით, 26 სექტემბერს, 08:00 საათისთვის სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა. ყველა, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სომხური მედიის ცნობით, სიუნიქისა და ვაიოც ძორის რეგიონებში ყარაბაღიდან დევნილთათვის განკუთვნილი სახლები და სასტუმროები თითქმის მთლიანად დაკავებულია. გუშინ საღამოდან ადამიანების განთავსება გეღარქუნიქის რეგიონში დაიწყო.
მიუხედავად ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრებისა, ყარაბაღის მოსახლეობა თავის საცხოვრებელს მასობრივად ტოვებს და სომხეთში გადადის. მათ მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არასაკმარისია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან სომხეთის საზღვრამდე საცობია შექმნილი და გზები გადატვირთულია, ადამიანების ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას ფეხით ცდილობს.
გუშინ 25 სექტემბერს, ასკერანი-სტეპანაკერტის დამაკავშირებელი მაგისტრალის მახლობლად საწვავის საწყობზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. სომხური მხარის იმნფორმაციით, სამედიცინო ცენტრებში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით სულ 290 ადამიანია გადაყვანილი. დღეს, დილას სომხეთიდან ყარაბაღში ვერტმფრენით გაემგზავრა ექიმების ჯგუფი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სომხეთში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს ყარაბაღში ე.წ. „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღის რიგი დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა. დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. სულ ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევა. რეგიონში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყარაბაღის რეგიონი ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა. 1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ყარაბაღის რესპუბლიკა არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რუსეთის შუამავლობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოების სტატუსით რუსი სამხედროები განლაგდნენ.