ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მომხდარი ფაქტი და მისთვის წარდგენილი ბრალი რეპრესიული პროცესების შედეგია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც, მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის როგორც დიქტატურა“, - წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, - ისმის ვიდეოში.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000 ლარის ფარგლებში გირაოს სანაცვლოდ ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ადვოკატების არგუმენტები და არც ბრალდებულის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და ისურვებდა, „სასამართლოსთან პატიმრობის მიღმა“ ეთანამშრომლა.
მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამაღლობელის დაპატიმრებას კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მიიჩნევენ.