ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობას „აბსურდს“ უწოდებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა კან ტანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არსებობს - „აბსურდია“ და ამ თემაზე სპეკულაციები რუსეთთან ურთიერთობების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არის და არ შეიძლება იყოს. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როგორიც იყო 90-იანი წლების ტოტალური ჰუმანიტარული ბლოკადა, აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობის სტრატეგიული კურსის ერთგული დარჩა.

აფხაზეთში არც ერთი პოლიტიკური ძალა, თუნდაც ჰიპოთეტურად, ვერ მოიპოვებს მოსახლეობის მხარდაჭერას, თუ ის ანტირუსულ დღის წესრიგს გაატარებს. ამ თემაზე სპეკულაციები უსაფუძვლოა და მხოლოდ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, - ამბობს კან ტანია.

მან ჩამოთვალა რამდენიმე „ფაქტი“ რაც აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობის „აბსურდულობაზე“ მიუთითებს.

„აფხაზეთმა დიდი წვლილი შეიტანა დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში: ფრონტზე წავიდა 55.5 ათასი ადამიანი, საიდანაც 17 430 არ დაბრუნდა. გმირების რაოდენობით და ერთ სულ მოსახლეზე დაჯილდოვებულთა რაოდენობით აფხაზებმა კავშირში მეორე ადგილი დაიკავეს. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა აფხაზეთის 22 მკვიდრს. ეს მოწმობს რუსეთთან საერთო საქმისადმი აფხაზი ხალხის ღრმა ერთგულებას.

საბჭოთა კავშირის დაშლის დროს (სუვერენიტეტების აღლუმი), როდესაც ბევრი რესპუბლიკა ჩქარობდა კავშირისგან გამოყოფას, აფხაზეთი, პირიქით, მხარს უჭერდა მის შენარჩუნებას. ეს არჩევანი რუსეთთან ერთად მისი სტრატეგიული კურსის კიდევ ერთი დადასტურება იყო.

აფხაზეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დროს აფხაზეთს რუსეთიდან მოსული ასობით მოხალისე დაეხმარა. აფხაზეთის გამარჯვების შემდეგ სწორედ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა მისი დამოუკიდებლობა. ამან გააძლიერა ჩვენი ძმური ურთიერთობები და ხაზი გაუსვა სტრატეგიული ალიანსის მნიშვნელობას“, - აღნიშნავს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

კან ტანია ასევე ამბობს, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთში 94%-იანი მხარდაჭერა მიიღო. „ეს რუსეთის პრეზიდენტის კურსის სრულ მხარდაჭერაზე მეტყველებს“, - აცხადებს ტანია.

გასულ კვირაში ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები რუსეთთან გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა. „საინვესტიციო შეთანხმება“, რომელიც აფხაზეთში რუსულ კომპანიებისთვის შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, 30 ოქტომბერს, მოსკოვში გაფორმდა. მას ხელი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოაწერეს. შეთანხმების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ის ანტიეროვნულია და უთანასწორო პირობებში აყენებს ადგილობრივ კომპანიებს.

მანამდე, ხალხის პროტესტის გამო და რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა პარლამენტიდან გაწევია კანონპროექტი, რომელიც ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში, 1 500 000 კვ.მ. ფართობზე, აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.