ოპოზიციამ ევროპელ დეპუტატებთან ცესკოს მაღალჩინოსნების სანქცირებაც განიხილა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის 8 ქვეყნის მაღალი რანგის პარლამენტართა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ არჩევნების საერთაშორისო გამოძიება და სანქციები ძირითადი განსახილველი თემები იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ისინი არიან იმის მხარდამჭერები, რომ ეს ქვეყანა გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი. ეს იყო, მათ შორის, 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება, რომელის წართმევასაც ახლა ცდილობენ. საუბარი იყო იმაზე, რომ არათუ შეწყდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ ბენეფიტებს, რომელსაც ქვეყანა ახლა იღებს ევროპასთან მიმართებაში, დავკარგავთ. ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ეს ყველაფერი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროინტეგრაცია კი არ გაჩერდა, უკან მოვდივართ“, - თქვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ამავე კოალიციის კიდევ ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ევროკავშირში „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის და ქართველი ხალხის მხადაჭერის „აბსოლუტურად ყველა მექანიზმი“ განიხილება. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნულ მექანიზმებს შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები, ასევე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება დაასახელა.

„უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რადგან ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია ევროკავშირის გზას. იცით, რომ ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბერს ტოტალურად იყო დარღვეული ეს პრინციპი“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, განიხილება სანქციების დაწესება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც.

„ისინი უკვე საქმის კურსში არიან გაყალბების ხარისხზე, სისტემურ გაყალბებაზე. საუბარი იყო იმაზე, დღეს რა შეუძლია კონკრეტულად ევროკავშირს გააკეთოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და საერთაშორისო არაღიარება მოხდეს ამ არჩევნებისა. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ, ამ შემთხვევაში, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება.

საუბარი იყო ყველა მექანიზმზე, საერთაშორისო გამოძიებაზე, რომელიც რეალურია, უბრალოდ ჩამოსაყალიბებლები არიან, როგორ შეიძლება მოხდეს ეს, რადგან ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ, მალევე, იმიტომ, რომ თებერვალში, მარტში ეს დაგვიანებული იქნება. სამართლებრივად გამოძიების ინსტრუმენტი ბევრნაირია, ეს შეიძლება გააკეთოს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ, ეუთომ. საუბარია ეკონომიკურ ზომებზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია დახმარება გაგრძელდეს ხალხის მიმართ. მზად არის ევროკავშირი, ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს, რომ ეს ყველაფერი გატარდეს“, - თქვა დოლიძემ.

საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. მათ შეშფოთება გამოთქვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ბუნდესტაგის წევრმა, მიხაელ როთმა განაცხადა, სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირის მას ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს.

ევროპელ დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მათ შეხვედრაზე უარი უთხრა. ის დელეგაციის წევრებს საქართველოში „ევროპის სახელით არეულობის დათესვაში“, არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
  • „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.