რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს ხელახლა არჩევა მიულოცა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის ორბანი ერთადერთია, ვინც ეს გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
ტელეკომპანია RTL-ის ინფორმაციით, პუტინისთვის გაგზავნილ წერილში ორბანი წერს, რომ მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დღევანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი. ის ასევე აღნიშნავს, რომ უნგრეთი მშვიდობის მხარეზეა.
„დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგის შენარჩუნება ფუნდამენტური პირობაა იმისათვის, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
ვიქტორ ორბანი ვლდიმერ პუტინს არწმუნებს, რომ უნგრეთი მზადაა, გააფართოვოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო კანონმდებლობით შეუზღუდავ სფეროებში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. საარჩევნო უბნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიებზეც იყო გახსნილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პუტინმა ხმების 87.28% მიიღო, რაც მას საშუალებას აძლევს თანამდებობაზე კიდევ 6 წლით დარჩეს.
პუტინს გამარჯვება მიულოცეს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთის, ირანის, ეგვიპტის, ვენესუელის, თურქეთის, უზბეკეთის, სერბეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომის პაპმა ფრანცისკემ და „ჰამასის“ მეთაურმა ისმაილ ჰანიემ.
დასავლური ქვეყნების მთავრობებმა და ლიდერებმა ფიქტიური საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს. 15 მარტს, არჩევნების პირველ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში სარკასტულად დაწერა: „მინდა მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში, რომელიც დღეს იწყება. არანაირი ოპოზიცია. არანაირი თავისუფლება. არანაირი არჩევანი“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არჩევნები „მკაცრი შეზღუდვების პირობებში ჩატარდა“ და ბევრ კანდიდატს, მათ შორის, ომის მოწინააღმდეგეებს, მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.
დამოუკიდებელი მკვლევარის, ივან შუშკინის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 22 მილიონი ხმა ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ გაყალბდა, ხოლო გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მინიმუმ 31.6 მილიონი ხმა, ანუ ხმების დაახლოებით ნახევარი, თაღლითობის გზით მიიღო. სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გაყალბების რეკორდული მასშტაბია“.
