„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს - გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ კონსულტაციები უკვე გამართა და გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა: როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების გამწესებაში, წარდგენას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. ეს ერთი და მეორე - გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან - ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეკითხვას, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ხომ არ დაძაბავს მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის ურთიერთობას, კობახიძემ უპასუხა, რომ ისინი კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად მოქმედებენ და ამას პრეზიდენტმა ანგარიში უნდა გაუწიოს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი, წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს. სალომე ზურაბიშვილმა საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები 16 ივნისს წარადგინა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირების საგანი გახდა. 7 ივნისს სახელისუფლებლო პარტიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები „პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებას“. პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ თუ ის პარლამენტს ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს წარუდგენდა, პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევდა. პრეზიდენტმა ხუციშვილის წარდგენაზე უარი თქვა. როგორც ადმინისტრაციამ განმარტა, სალომე ზურაბიშვილს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რაც გამყარდა „მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“. 13 ივნისს პარლამენტმა ვეტო დაძლია. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის პოზიცია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოს მმართველობაში უხეშ ჩარევას გამოიწვევს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება.