„ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად შედეგები გააყალბა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

3 ივლისს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, 78 ხმით 14-ის წინააღმდეგ, დაძლეულად გამოაცხადა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. ცვლილებებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლი შეიზღუდა და „ქართულ ოცნებას“ საშუალება მიეცა თანამდებობის ამ პირების არჩევაზე გადაწყვეტილებები ერთპარტიულად მიიღოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბატონ თავმჯდომარეს და მანდატურთუხუცესს მინდა მივმართო, მემგონი, იქით [სხდომათა დარბაზის იმ მხარეს, სადაც უმრავლესობის წევრები სხედან - რედ.] არ არის 76 ხმა, თუ შეიძლება გადათვალეთ. გთხოვთ, გადათვალოთ 76 ადამიანი დარბაზში. მე გადავთვალე და 72-ია“, - განაცხადა კენჭისყრის შედეგების ამსახველ დაფაზე მონაცემების გამოქვეყნებისთანავე პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის ეს მიმართვა არ გაითვალისწინა და თქვა: „თუ დათვლა გინდათ, გადათვალეთ თქვენ თვითონ, რა გადათვლაზე ვლაპარაკობთ... კარგი, ახლა... ცნობილი ფილმის არ იყოს, თქვენი თავი მიათვალეთ თუ არა, ეგ არის საინტერესო“.  

მოგვიანებით გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტის პირვანდელ, ანუ პარლამენტის მიერ 13 ივნისს მიღებულ რედაქციას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ 2 დეპუტატით მეტმა. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას ხმა მისცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ 67-მა წევრმა, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, „ევროპელი სოციალისტების 2-მა წარმომადგენელმა (ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე).

„საქართველოს ამბებმა“ ვიდეომასალიდან, რომელიც პარლამენტის სხდომის სრული ჩანაწერია, დაითვალა, რამდენი დეპუტატი იმყოფებოდა დარბაზში იმ დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის რეჟიმი ჩართო.

სხდომათა დარბაზში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს 61 დეპუტატია, ამას ემატება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 1 ხმა და გამოდის, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დასაძლევად მხოლოდ 62 ხმა ჰქონდა და არა 67, როგორც ეს კენჭისყრის საბოლოო შედეგებში აისახა.

„ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, როცა 76 იყო საჭირო“, - ამბობს რაქვიაშვილი და აღნიშნავს, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს ხმები მაშინვე უნდა გადაეთვალა, თუმცა პაპუაშვილმა ამაზე უარი თქვა და სხდომა გააგრძელა.

„ვეტო პროცედურულად არასწორად არის დაძლეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა იქვე გამოვლინდა და პროცედურების თანახმად, მოთხოვნილი იყო ხმების გადათვლა. ცხადია, ეს მთელი საარჩევნო კანონმდებლობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რაც ნებისმიერ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ასევე სადავოდ გახდის“, - ამბობს რაქვიაშვილი.

სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას, „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომათა დარბაზში არმყოფი თანაპარტიელების ნაცვლადაც მისცეს ხმა, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.

რეგლამენტის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს კენჭისყრის შედეგების ხელახლა გადათვლის პროცედურას. კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

„ქართული ოცნება“ ამ საკითხზე რეაგირებას არ აპირებს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, მისთვის ეს საინტერესო არ არის: „პოზიცია ნათელია, მკაფიოა, არავითარი მიზეზი არ მაქვს, რამეზე დავეჭვდე. მე მგონი, უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც მოტივირებული არიან, რაღაცნაირად მეტი ჩირქი მოსცხონ, რეპუტაციული თვალსაზრისით ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.