პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და ტვ „პირველის“ ოთხ ჟურნალისტს სხვადასხვა ვადით აკრედიტაცია შეუჩერა და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა აუკრძალა. კრიტიკული ტელევიზიების რეპორტიორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით დაასანქცირეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, ერთი თვით შეუჩერდა აკრედიტაცია ტვ „პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს, ამავე არხის რეპორტიორის ნატა ქაჯაიას დასანქცირება სოზარ სუბარმა მოითხოვა. ქაჯაიასაც ერთი თვით, 3 ივლისის ჩათვლით, აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს დეპუტატები ბოროტად იყენებენ.
„რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ.
მედიის მოვალეობაა ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის დროს პასუხისმგებელ პირებს დაუსვას კითხვები და მოიპოვოს მათი პასუხები. რადგან ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა პარლამენტში, ამიტომ იძულებული ვიქნებით, სოზარ სუბართან და პარლამენტის სხვა წევრებთან ინტერვიუ ჩავწეროთ პარლამენტს გარეთ: მაღაზიასთან, სახლთან, სალონთან, რესტორანთან, სადაც კი მოვახერხებთ“, - ამბობს მელაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით მიმდინარე კვირის განმავლობაში, პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა 1 თვით აეკრძალა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს, ხოლო 6 თვით „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს. ისინი წილოსანს შეკითხვებს რუსული კანონის მიღების გამო აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით უსვამდნენ.
„მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“, - ვკითხულობთ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ წერილებში, რომლებსაც ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე აწერს.
არასასურველ ჟურნალისტებს ასანქცირებენ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გასულ წელს გამოცემული ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი დეპუტატს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია ერთი თვით უჩერდება, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში - ექვსი თვით. პაპუაშვილის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აგრეთვე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.