პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, თითქმის ათსაათიანი განხილვის შემდეგ, რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. „იურიდიული კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიღებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც დღის განმავლობაში კომიტეტიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა, მანამდე კი მათ მიკროფონს უთიშავდა და სიტყვის დასრულების უფლებას არ აძლევდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვიდან გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა, პაატა მანჯგალაძემ და დავით უსუფაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„იმ პირობებში, როდესაც ჯერ კანონპროექტია, კანონიც არ არის, რა მეთოდებსაც დღეს თქვენ იყენებთ, რეპრესიულ მეთოდებს, ეს აჩვენებს, რისთვის გჭირდებათ ეს კანონი. ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული განხილვა არ არის. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ოქმდება, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას სახელმწიფოს ღალატისთვის დასჭირდება აქ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვებამდე.
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, სხდომა ბუტაფორია იყო და ტექნიკური თვალსაზრისითაც არ შეიძლება კანონი მეორე მოსმენით მიღებულად ჩაითვალოს. „ეს წესების დარღვევით მიღებული კანონია, რომლის განხილვაში მოსახლეობის წარმომადგენლები არ ყოფილან ჩართული“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ანრი ოხანაშვილმა კომიტეტიდან გააძევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც, მათ შორის, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი ნათია კუპრაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის ყველა მუხლი პრობლემურია და ქვეყანაში დემოკრატიას დაასამარებს.
2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.