პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, 16-ის წინააღმდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლით აირჩია. იგივე ვადით ცესკოს წევრებად აირჩიეს მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად კენჭისყრა 16 აპრილსაც გაიმართა, თუმცა პირველი კენჭისყრით ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, კანდიდატებს „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტებიც“ უჭერდნენ მხარს, რაც ჯამში 91 ხმაა, თუმცა დეპუტატების გარკვეული რაოდენობა მივლინებაში იყო.

„რეალურად კი ჰქონდათ 91 დეპუტატის მხარდაჭერა, თუმცა სამართლებრივად ეს ვერ დაფიქსირდა. ამიტომ დღეს მეორე კენჭისყრა იმართება. მეორე კენჭისყრაზე უკვე 76 ხმა არის საჭირო“, - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს, კენჭისყრის დაწყებამდე.

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის ასარჩევად „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა. შედეგად, ცესკოს თავმჯდომარისა და 7 ე.წ. არაპარტიული, პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების და საკონკურსო კომისიას შექმნის უფლებამოსილება პრეზიდენტს ჩამოერთვა. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 5 წლის ვადით არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერით. ეს მაშინ, როდესაც ცვლილებებამდე, 5-წლიანი ვადით ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება იყო საჭირო. 2/3-ზე ნაკლები მხარდაჭერით არჩევის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვე იყო.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და განმარტა, რომ 100 ხმის ნაცვლად 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. პარლამენტმა ვეტო დაძლია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2021 წლის აგვისტოში 6 თვის ვადით აირჩიეს. მას შემდეგ მან ვერცერთხელ ვერ შეძლო 100 დეპუტატის მხარდაჭერის მიღება და უფლებამოსილებას 6-6 თვით ასრულებდა. სწორედ ამ საფუძვლით, 2022 წლის ბოლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა თავმჯდომარეობის კანდიდატად კალანდარიშვილის კიდევ ერთხელ წარდგენაზე. როგორც მან განმარტა, მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურის წარდგენა და მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა „ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).