Politico წერს, რას ითვალისწინებს სანქციების კანონპროექტი, რომელსაც კონგრესში დღეს წარადგენენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო ანტირუსული აქციიდან © GIORGI ARJEVANIDZE / AFP

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა აქტივების გაყინვითა და აშშ-ის მოგზაურობის აკრძალვით დაემუქროს საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს. „საქართველოს ამბები“ წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას რესპუბლიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აპირებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Politico-ს მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, „დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფის“ ძალისხმევის ფარგლებში, კანონპროექტი სანქციებს ითვალისწინებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც „აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისთვის“. იგი სავიზო აკრძალვას დაუწესებს „რუსული ტიპის უცხოეთის აგენტების კანონის“ მიღებაზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებსა და მათ ოჯახებს.

სანქციების სამიზნეები იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებიც, რომლებმაც აღკვეთეს „უცხოეთის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ პროტესტი. Politico აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ქუჩაში, დემონსტრაციებზე გამოსული ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, სცემეს და დააკავეს აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

როგორც POLITICO წერს, კანონპროექტში წერია, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად მიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შერიგების პოლიტიკას, რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაფართოების ფონზე კი თავს ესხმის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას.

Politico-ს პროცესებთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს დღეს, 20 მაისს წარადგენს. ის ამერიკელი თანამდებობის პირებს დაავალდებულებს, კონგრესს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში „არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ“, ასევე ქვეყანაში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აგენტების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.

პრეზიდენტმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.  

გასულ კვირას, თბილისში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ხელისუფლება გააფრთხილა, თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის შესაბამისობაში არ იქნება ევროპულ ნორმებთან, აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. გარდა ამისა, ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გეგმავს, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ აშშ ახლა განიხილება „მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).