საქართველოს პარლამენტი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, შემდეგ სასესიო კვირაში კი დაძლეული იქნება.
„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი, ალბათ, ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი - თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ - ჩაერია ამ საკითხში, მიტინგებზე გამოვიდნენ ბოლოს, ზუსტად აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა „უხეშად დაადო ვეტო კანონს“, რითიც „ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. სალომე ზურაბიშვილის არგუმენტია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად, იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი, რომლიდანაც ამოღებული სიტყვები: „უცხოური გავლენის აგენტი“, ჩანაცვლებულია ტერმინით: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, რომელიც ტერმინის – „აგენტი“ განმარტებაა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ კანონი არადემოკრატიულია, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ევროპულ სტანდარტებს.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან: ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს - „გაერთიანების თავისუფლება“. კანონი აიძულებს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს – „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“. კანონი აწესებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს – „თანასწორობის უფლება“. კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით. უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების წყაროს მიხედვით, არაპირდაპირი დისკრიმინაციაა. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“. კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია ნათელია – კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ორგანოებისათვის კონსტიტუციით დაწესებულ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია.
„კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე“, - წერია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობას - „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ კი - 83 ხმა აქვს. ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ხელახლა უყრის კენჭს. თუ სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ხელს ისევ არ მოაწერს, მაშინ მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.