„სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს“, - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. სწორედ ამ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის გამო, 19 ნოემბერს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 36 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს. ეს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, 19 ნოემბერს იწურება.
ვახუშტი მენაბდის თქმით, მოსარჩელე მხარს შეუძლია განმარტოს, რომ საარჩევნო კანომდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა ორს - ფარულობას და ნების თავისუფალი გამოვლენას.
„პრეზიდენტმა ასევე ახსენა არჩევნების საყოველთაობის პრინციპი, ემიგრანტების ხმის უფლების კონტექსტში. შედეგად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა; ჩატარებული არჩევნების შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა, რადგან სადავო ნორმებმა და მისმა საერთო სასამართლოსეულმა განმარტებამ არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნებზე და მათი არარსებობის შემთხვევაში დადგებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი, ანუ არჩევნები ბათილად იქნებოდა ცნობილი და ჩატარდებოდა ხელახალი არჩევნები“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
„საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის განხილვის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. პარლამენტის შეკრების დროისთვის, 25 ნოემბრისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება.
„პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული, ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებით განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით, მას არავითარი დისკრეცია არ აქვს“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს დაამტკიცა საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 61. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის, უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
„პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. იმისთვის, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს, საჭიროა ამ სიაში 100 პირი მაინც იყოს. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
კანონის თანახმად, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს (30 დეპუტატს) და სახალხო დამცველსაც.