საქართველოს პრეზიდენტმა 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ განკარგულება გამოსცა. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს მის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, „რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა მაისის ბოლოს წარუდგინა. მანამდე, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა.
„საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი წარმართა შეუფერხებლად და გამჭვირვალედ და 2024 წლის 24 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში არცერთ დონეზე არ დაწყებულა წარდგენილი კანდიდატურის განხილვა“, - განაცხადეს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 წევრის თანამდებობაა ვაკანტური. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ პრეზიდენტი პარლამენტს ყველა კანდიდატურას წარუდგენს.
„წარმოადგინოს ყველა კანდიდატურა და განვიხილავთ. ცოტა გასაკვირია, როდესაც 4 ვაკანსიაა, 5 სავარაუდო კანდიდატი იყო შერჩეული და რატომღაც მხოლოდ ერთი არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესია 18-19 ივლისს გაიმართება. ხუთშაბათს, 18 ივლისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენს. იმავე დღეს, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, ხოლო პარასკევს, 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი.
რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს შალვა პაპუაშვილმა 15 ივლისს მიმართა.
