პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. პროკურატურამ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურამ დგებუაძეს უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. სავარაუდოდ, მოვითხოვთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენებას. ბრალი წარდგენილია პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეედგინათ ოქმი, რაც არ მოხდა. მე ვესწრებოდი აქციას და რასაც ვუყურებდი, იქ მზია ამაღლობელის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. გავეცნობით საქმის მასალებს, რა მტკიცებულებები აქვთ“, - განაცხადა დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ღამით, აჭარის პოლიციის მმთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა სამმართველოს შენობის კედელზე პლაკატის - წარწერით „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“ - გაკვრის გამო. მანამდე, ამავე საბაბით სამმართველოსთან მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეების დაკავებაც მოხდა. ამაღლობელი და კიდევ სამი ქალი აქტივისტი დაახლოებით ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მზია ამაღლობელი მიმდინარე აქციაზე დარჩა. „ბათუმელების“ ცნობით, პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა აქციის ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მონაწილე. ორივე დაკავებული ამაღლობელის ახლობლები იყვნენ. პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი ხელმეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

ონლაინგამოცემების ხელმძღვანელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, რაც დაცვის უფლების დარღვევაა. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავება „წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაციაა“ და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, – ისმის ვიდეოში.

დღეს, 13 იანვარს, 19:00 საათზე, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.