ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებს - აშშ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვედანტ პატელის თქმით, კვლავ ღრმად შეშფოთებულნი არიან „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ახდენს და მიზანში იღებს მათ.

„ჩვენი აზრით, მსგავსი კანონმდებლობა კრემლის მიერ და სხვაგანაც გამოყენებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცის, მედია ორგანიზაციების სტიგმატიზებისა და რეპრესიებისთვის. ასე რომ, ასეთი სახის საკანონმდებლო საქმიანობა, არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. ის „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტს „კრემლის მიერ შთაგონებულად“ მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს. მეთიუ მილერი აცხადებს, რომ „კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“.

მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის მიხედვით, მომავალ კვირაში ის კვლავ იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა. კანონპროექტი კანონად რომ იქცეს, პარლამენტმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. 16 აპრილს, გვიან ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. აქციის რამდენიმე მონაწილე, მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია მოხვდა. 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

15 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 მოქალაქე დააკავეს, 16 აპრილს - 11, 17 აპრილს კი - 2. დაკავებული იყო პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელზეც პოლიციამ იძალადა. სამართალდამცველებმა სცემეს პარლამენტის წევრს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსაც, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა. დეპუტატის თქმით, მას ნეკნი აქვს გატეხილი.

საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირმაც მოუწოდა, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „სინამდვილეში კანონი სწორედ რომ ევროპულია“ და „ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს“ ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის მიზანთან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.