რას ამბობს გიორგი ვოლსკი პრორუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან შეხვედრის შესახებ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს აფხაზეთთან დაკავშირებით ესაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრას, რომელიც პარლამენტის შენობასთან მდებარე კაფეში 6 მარტს შედგა, „დროას“ წევრები შეესწრნენ. ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში და ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ვოლსკი პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეც არის. ის ამბობს, რომ შეხვედრა დავით ხიდაშელის ინიციატივით შედგა.

„დავით ხიდაშელმა დამირეკა. მას არ ვიცნობდი. მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო. გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც, მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის“ პერიოდში რუსეთთან და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით შეთანხმება იყო. მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას მწვანე შუქი აუნთო და თუ შესაძლებელია, ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან გააფორმა. ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია და ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

პარტია „დროას“ მიერ გავრცელებული ფოტო

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, „არავითარი აზრი არ აქვს“ იმას,  არის თუ არა დავით ხიდაშელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარი.

„ჩემთან ხიდაშელს არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან. მან ისიც თქვა, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან კარგი იყოს. ამას დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ქართულ მხარეს ელაპარაკოს როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის რაიმე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ჩემი რადიკალური დაპირისპირებული განცხადებებიდან კი არ მოხდა, იმასაც კარგად ესმის. რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა - ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც - რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის, არც არანაირი წინაპირობაა. კონფედერაცია ახსენა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს,  „შეხვედრის შედეგის იდეას“ ვერ მიხვდა და აჟიოტაჟს აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ დავით ხიდაშელი საქართველოში რუსეთის ხელისუფლების დავალებით იმყოფება და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ლობირებს.

დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ფიგურანტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ბრალდებულებს გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ გამოეყენებინათ და ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000-ანი მასშტაბის რუკის 4 ეგზემპლარი 2020 წელს, რუსეთიდან საქართველოში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი პროკურატურას მიმართა და გამოძიება დაიწყო. დავით ხიდაშელმა თქვა, რომ რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. 2021 წლის იანვარში, ივანიშვილმა ხიდაშელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მადლობა გადაუხადა იმ რუკების ჩამოტანისთვის, რომლითაც, მისივე სიტყვებით, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი დავით გარეჯი შუაზე გაჭრას გადაარჩინა. სასამართლოში „კარტოგრაფების საქმის“ განხილვა დღემდე არ არის დასრულებული.

2022 წლის 11 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, დავით ხიდაშელს რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით გადასცა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას საგანგებოდ მალავდა. დავით ხიდაშელმა ლიცენზიის საფასურის სახით 1,151,832 ლარი გადაიხადა, რაც ერთ ჰექტარზე 11 ლარია. ტყეების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. 2023 წლის ბოლოს მთავრობა იძულებული გახდა, ხიდაშელისთვის მიცემული ლიცენზია გაეუქმებინა.

დავით ხიდაშელმა თავდაპირველ ღირებულებაზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად, 10 მილიონ ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები თბილისში - 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. მისი კომპანია ფლობს ქალაქ გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია. 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე ხიდაშელს კურორტზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა და ხალხი დაესაქმებინა, მაგრამ არაფერი გააკეთა. საქართველოს მთავრობამ მას ვადა 2024 წლის გაზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი და დავით ხიდაშელი ფიგურირებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 25 აპრილს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, ვლადიმერ ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილს მარცვლეულთან დაკავშირებულ გარიგებაზე სასაუბროდ დაურეკა და უთხრა, რომ მის „იდეას“ საქართველოში სწორედ დავით ხიდაშელი ჩამოიტანდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.