ნაფიცმა მსაჯულებმა სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ალი ბალაძეს და მამუკა ბერიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსის ყოფილი მოადგილე ალი ბალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ხოლო ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე - უკანონო დაკავებასა და ჯგუფურად მკვლელობაში. ორივეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას მსჯავრდებულების ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა, რის გამოც ისინი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ალი ბალაძის და მამუკა ბერიძის მეუღლეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს, ვინაიდან ისინი ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.
სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში, 16 აგვისტოს მოკლეს. პროკურატურის ვერსიით, კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, შავაძე ჯერ ბათუმში დააკავეს და სასტიკად ცემეს, შემდეგ კი ქობულეთის და გურიის საზღვართან წაიყვანეს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. გარდა ამისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად მიაყენეს, მათ შორის, მარცხენა მხრის ძვლის, მარცხენა ბარძაყის ძვლის და ნეკნების მოტეხილობები. როინ შავაძეს სხეულზე ჰქონდა თერმული დაზიანებების კვალიც, რაც ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად უნდა ყოფილიყო მიყენებული. პროკურატურის განცხადებით, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა საქმე გააყალბეს.
2020 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება, რომ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაავალა. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.
დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. 2023 წლის ივლისში, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ძებნაა გამოცხადებული აჭარის კუდ-ის იმჟამინდელი უფროსის, თეიმურაზ პატარიძის და ერთ-ერთი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ. 2024 წლის თებერვალში პროკურატურამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
