საქართველო-რუსეთის საზღვრთან, სადაც რუსეთის ფედერაციის ათიათასობით მოქალაქე საქართველოში შემოსვლას ელოდება, ჯავშანტრანსპორტიორი (БТР) და რუსი სამხედროები განლაგდნენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რეზერვისტების მიერ საზღვრის გარღვევის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„უხეშად რომ ვთქვათ, არის რეზერვი ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. თუ რეზერვისტებს მოუნდებათ, გამშვები პუნქტი გაარღვიონ და ქვეყანა სასაზღვრო ფორმალობების გავლის გარეშე დატოვონ. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი ბლოკპოსტი არ იქნება მოწყობილი“, - განაცხადეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამმართველოში ასევე თქვეს, რომ ამ დროისთვის, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და გასაწვევი ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ფედერაციას მასობრივად ტოვებენ. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საქართველოა, სადაც შეუძლიათ ვიზის გარეშე შემოვიდნენ და ერთი წელი იცხოვრონ.
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღეა მსუბუქი ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობია შექმნილი. რუსეთის მოქალაქეები საზღვრის გადმოსაკვეთად რიგში დაახლოებით 20-40 საათი დგანან. მათი ნაწილი ავტომობილებს ტოვებს და საზღვრამდე მოკლე დროში მისასვლელად, ველოსიპედს ან სკუტერს იყენებს. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 სექტემბრის დილის 6 საათზე, გამშვები პუნქტის წინ 2500 მსუბუქი მანქანა იყო გაჩერებული, დღე-ღამის განმავლობაში კი 1890 ავტომობილი გაატარეს.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო კვირაში საზღვარი ორივე მიმართულებით 37 ათასმა ერთეულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც გასული კვირის მონაცემებს 23.3%-ით აღემატება.
ტომაევს არ დაუკონკრეტებიამ რუსეთის რამდენი მოქალაქე გადმოვიდა საქართველოში.
„ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარებასთან დაკვშირებით, ბოლო რამდენიმე დღეში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი რესპუბლიკის გავლით საქართველოს მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი.
დღეისთვის, ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლას ელოდება დაახლოებით 3500 ავტომობილი, რომლებშიც ძირითადად გასაწვევი ასაკის პირები იმყოფებიან.
გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთთან და ინგუშეთის რესპუბლიკასთან საზღვრებზე დაახლოებით 800 ერთეული მსუბუქი ტრანსპორტი მოგროვდა“, - განაცხადა ტომაევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ომში გასაგზავნად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადა. პუტინის დაპირების თანახმად, გაწვევას დაექვემდებარებიან „პირველ რიგში, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“. სინამდვილეში, სამხედრო კომისარიატები მამაკაცებს განურჩევლად იწვევენ. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა, როგორც მედია წერს, კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუტინის განკარგულება დახურულ პუნქტს შეიცავს, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
გამოცემა „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე 261 ათასმა მამაკაცმა დატოვა. ამის გამო 28 სექტემბრიდან საზღვრების დაკეტვა განიხილება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გაწვევას ექვემდებარებიან.
მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის სხვადასხვა მხარეში გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს.