რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, რუსი ინვესტორები ელიან, რომ აფხაზეთში მათი ინვესტიციების დაცვის გარანტიებს წლის ბოლომდე მიიღებენ. ამის შესახებ მან ოუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. საუბარია ახალი „კანონების“ მიღებასა და არსებულში ცვლილებების განხორციელებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთმა „რესპუბლიკის“ დასახმარებლად 65 მილიარდ რუბლზე მეტი გამოჰყო.
„ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ 500-ზე მეტი ობიექტის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკის სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა. აფხაზეთმა საკუთარი შემოსავლები 41.5%-დან 57%-მდე გაზარდა. 2022 წელს რესპუბლიკის საკუთარმა შემოსავლებმა 8 მილიარდ რუბლს მიაღწია. წელს ქვეყანამ მოახერხა, 900 მილიონ რუბლზე მეტი გამოეყო საკუთარი ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარებისთვის. ამავდროულად, რუსეთის მხრიდან დახმარება შენარჩუნებულია. 2023 წელს რუსეთმა 1.3 მილიარდი რუბლი ჩადო საინვესტიციო პროგრამის დასაფინანსებლად და აფხაზეთის საინვესტიციო საქმიანობის მხარდასაჭერად, კიდევ 4.3 მილიარდი რუბლი - რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა რეშეტნიკოვმა.
რუსი მინისტრის თქმით, აფხაზეთმა ისწავლა ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა დაალაგა.
„აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია ნორმატიული ბაზის მიღება, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ინვესტიციებს და შექმნის ინსტრუმენტებს ინვესტორების მხარდასაჭერად. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე აფხაზეთში მიღებული იქნება ახალი კანონი საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ, განხორციელდება აუცილებელი ცვლილებები ელექტროენერგეტიკისა და საინვესტიციო საქმიანობის შესახებ არსებულ კანონებში“.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის მხარეები აპირებენ ხელი მოაწერონ მთავრობათაშორის შეთანხმებას მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, რაც „საშუალებას მისცემს რუსულ კომპანიებს მიიღონ გარანტიები პროექტების განხორციელების პირობების უცვლელობის შესახებ“.
„ამ ეტაპზე რესპუბლიკას ორი მსხვილი პროექტი აქვს, რომელთა დასაწყებადაც მნიშვნელოვანია პირობების სტაბილიზაცია - ეს არის ბიჭვინთის მახლობლად სამი დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პროექტი და ბაბუშარას აეროპორტის აღდგენა. ორივე პროექტი ტურიზმის სექტორისთვის მამოძრავებელია. რუსების ტურისტული ნაკადის რეორიენტაციის გათვალისწინებით, აფხაზეთი შეიძლება რუსი ტურისტების მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდეს“, - აღნიშნა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ აფხაზეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში თავის ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს.
მაქსიმ რეშეტნიკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ერთდღიანი „სამუშაო ვიზიტით“ გუშინ, 4 ივლისს იმყოფებოდა.