121-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი - კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ზღუდავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს აყალიბებს, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს“, - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა, გიორგი დავითურმა.
მოსარჩელეები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და კანონის გასაჩივრებულ მუხლებს შეაჩერებს. პარალელურად, მზადდება საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაწელავს პროცესს, გაგრძელდება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.
როდესაც სახელმწიფოს მიეცემა ამ კანონის აღსრულების შესაძლებლობა, კრიტიკული ხმა ქვეყანაში ეტაპობრივად ჩაიხშობა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ორგანიზაციული ფორმები ეტაპობრივად გაქრება. ეს შეეხება როგორც მედიას, ისე არასამთავრობო სექტორს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - აღნიშნა დავითურმა.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ზურაბიშვილი რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) ეწინააღმდეგება. „სარჩელით ასევე გასაჩივრებულია მთელი რიგი ნორმები, რომლებითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები“, - განაცხადა მსხილაძემ.
კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც. როგორც თამარ კორძაიამ თქვა, სარჩელი თითქმის მზადაა და მას უკვე აქვს 30 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რუსული კანონი სრულად 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. კანონი „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში გრანტებს გასცემენ.
ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ გაფრთხილებებისა და ხალხის პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო.