რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დეპუტატებმა სარჩელი დღეს, 29 ივლისს შეიტანეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის დემოკრატიას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდაოთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ. ის დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულების ვალდებულებას და მიიღებს დროებით ღონისძიებას რუსული კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე:

„ვასაჩივრებთ მთელ კანონს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ვითხოვთ ამ კანონის მოქმედების შეჩერებას. ეს კანონი არჩევნებამდე უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიქრობთ, რომ მანამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი იქნება განხილული“.

კონსტიტუციო სარჩელს ხელს 38 დეპუტატი აწერს. ერთ-ერთი მათგანის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო „პოლიტიკურ დაკვეთას“ არ დაექვემდებარება.

„გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, პოლიტიკური კონიუქტურით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმეში. თუმცა, ჩვენ მართებულად და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და საკუთარი არჩევანით გააუქმებს რუსულ კანონს.

ასე რომ, ეს არის შანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ 3 სექტემბრამდე შეაჩეროს და არ მისცეს ხელისუფლებას შესაძლებლობა, აამოქმედოს ეს დრაკონული რუსული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტირებს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში, მათ შორის, 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება. პრეზიდენტის სარჩელში აღნიშნულია, უცხოური დაფინანსება ლოგიკურად არ გულისხმობს დაფინანსების მიმღების „უცხოურ გავლენის“ ქვეშ ყოფნას და არ არის საკმარისი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ მზღუდავი ღონისძიებების გასამართლებლად, მით უმეტეს, როდესაც ამგვარ დაფინანსებას ის საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომელთა წევრიც საქართველოა ან რომლებშიც სურს მას გაერთიანება.

რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმაც გაასაჩივრეს და მისი მოქმედების შეჩერება მოითხოვეს. მათი განცხადებით, პარალელურად ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.