„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის საბოლოო ვარიანტში შეიტანა ცვლილება, რომელიც ფიზიკურ პირებს ვალდებულებას აკისრებს, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ. სამინისტროს შეეძლება მოითხოვოს ისეთი მონაცემიც, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ცვლილება, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, კანონის საბოლოო რედაქციაში, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში აისახა. აღნიშნული მუხლი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ მონიტორინგის ჩატარებას და „საჭირო“ ინფორმაციის მოპოვებას ეხება:
„მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“.
„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - „მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა“.
„ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ.
ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება“, - ამბობს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი 1-ელ მაისს, პლენარულ სხდომაზე კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაისვა. სინამდვილეში, მე-8 პუნქტის განხილვა და კითხვა-პასუხი ისე დასრულდა, რომ მომხსნებელს, ანრი ოხანაშვილს ცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს.
„აი, ხედავთ თურმე რატომ ყოფილა კარგი, იკითხონ კანონი, იკითხონ პროექტი და უსმინონ და დაესწრონ მოსმენებს. აი, ეს არის. სანამ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და „ენჯეოები“ დაკავებულები იყვნენ მაგიდაზე ბრახუნით და ცდილობდნენ ჩაეხშოთ დისკუსია, რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი. ეს საკითხი მეორე მოსმენის დროს იყო დასმული, პლენარულ სხდომაზე განხილვისას“, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
„ეს გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც არის ხოლმე საჭირო ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს აქვთ ვალდებულება მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც იურიდიულ პირებს, ისე ფიზიკურ პირებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაა.
რეგისტრაცია არ ეხებათ ფიზიკურ პირებს. ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როდესაც წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ურჩევნია ბრახა-ბრუხი და ყვირილი. მეორე მოსმენის დროს იყო ეს საკითხი განხილული. ორი კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა“.
პაპუაშვილს ჰკითეს, რატომ გავრცელდა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ფიზიკურ პირებზე, რაზეც მან უპასუხა: „იმიტომ, რომ ინფორმაციის მოპოვება არის ხოლმე საჭირო ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდონ ეს. აბა როგორ“.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილება კანონის გამკაცრებას არ ნიშნავს. „კანონის არსი, მისი რეგულირების სფერო არის ის ორგანიზაციები, რომლებსაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ. ამაში არაფერი იცვლება“, - თქვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღო. ერთი დღით ადრე კანონი მესამე მოსმენით განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავიდა. კომიტეტს თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განხილვა 67 წამში დაასრულა ისე, რომ პოლიციის მიერ შეფერხებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლაც ვერ მოასწრეს.
ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ვეტო დაადოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინოს და ვეტო დაძლიოს.