Media Freedom Rapid Response (MFRR) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „მთის ამბების“ რედაქტორზე, გელა მთივლიშვილზე თავდასხმებს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პირადი თავდასხმები ჟურნალისტებზე და მათ წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
MFRR სწრაფი რეაგირების მექანიზმია, რომელიც თვალყურს ადევნებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. პროექტი ევროკომისიის მხარდაჭერით ხორციელდება.
„MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ქართველი ჟურნალისტის დისკრედიტაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. კომენტარები პაპუაშვილისა და სხვების მიერ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიების უფრო ფართო ტალღის ფონზე გაკეთდა.
2024 წლის 20 თებერვალს ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპუაშვილმა ინტერვიუს დროს საჯაროდ მოახდინა ახალი ამბების ონლაინ გვერდის „მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის დისკრედიტაცია მისი, როგორც ჟურნალისტის, კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენებით. ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა ახსენა მთივლიშვილის გამოძიება 2023 წლის აგვისტოში, მაღალმთიან დასახლებულ პუნქტ შოვში მომხდარი იმ სტიქიის შესახებ, რომელმაც 33 ადამიანი მოკლა.
სტატიის შესახებ ვრცელი კომენტარის დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ის „ტყუილებით სავსე“ და „დეზინფორმაციული კამპანიის“ ნაწილი იყო. მან, ასევე, ეჭვქვეშ დააყენა, თუ რის საფუძველზე მოხვდა მთივლიშვილი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის ფინალისტთა შორის, მოითხოვა ჟიურის წევრების, ვინც გამარჯვებულები შეარჩიეს, ვინაობის დასახელება.
ეს პაპუაშვილის მონაწილეობით პირველი ასეთი ინციდენტი არ არის. 2023 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ინტერნეტგამოცემამ OC Media უარი თქვა პაპუაშვილის მოსაზრებების გამოქვეყნებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ საჩივრის წერილით მიმართა მინიმუმ ერთ დონორ ორგანიზაციას, რომელიც OC Media-ს უჭერს მხარს. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელი უარს ამბობდა OC Media-სთვის ტექსტის გაგზავნაზე მანამ, ვიდრე გამოცემა არ დაადასტურებდა, რომ მასალას გამოაქვეყნებდა.
პაპუაშვილმა OC Media-ის გადაწყვეტილება თავის წერილში აღწერა, როგორც „სამაგალითო შემთხვევა იმისა, თუ რატომ და როგორ ახდენს თვითგამოცხადებული „კრიტიკული მედია“ საქართველოში საკუთარი თავის დისკრედიტაციას, კარგავს საზოგადოების ნდობას და, როგორც წესი, ამთავრებს ერთმანეთთან, ან საკუთარ დახურულ წრესთან საუბრით“. OC Media-ის უარზე, გამოექვეყნებინა მისი წერილი, ამგვარი რეაგირებით პაპუაშვილმა ლეგიტიმური მედიასაშუალების დისკრედიტაცია მოახდინა და ხელი შეუწყო მედიის მიმართ უნდობლობის გაზრდას.
MFRR-ის პარტნიორები გმობენ პაპუაშვილის ან სხვა საჯარო მოხელეების მსგავს მცდელობებს. მთივლიშვილის მიმართ კომენტარები მიუღებელია, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში პაპუაშვილის მაღალი თანამდებობის გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები ჟურნალისტების წინააღმდეგ აქამდეც აშკარა საფრთხეს უქმნიდა საქართველოში მედიის თავისუფლებას. „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ შეშფოთება გამოთქვა, რომ პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადების შემდეგ ეს კომენტარები „სისტემატიური“ გახდა.
იანვარში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჟურნალისტ თეო გილიგაშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას გამოეხმაურა, ფეისბუქის გვერდზე მისი წერილის ასლი გამოაქვეყნა და მოთხოვნის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ დაგმო მსგავსი ქმედებები და განაცხადა, რომ
„ქართული ოცნება“ რეგულარულად იყენებს [თავის] ფეისბუქ გვერდს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის“.
კიდევ ერთი შემთხვევისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის მიერ ადგილობრივი საკრებულოსადმი გაგზავნილი მსგავსი წერილი გამოაქვეყნა. მგალობლიშვილმა თავის დისკრედიტაციულ პოსტში ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა და არ უცდია, დაემალა მისი პირადი მონაცემები. ადგილობრივი ხელისუფლება მოგვიანებით აცხადებდა, რომ „არ ახსოვდათ“, საიდან აღმოჩნდა ეს წერილი მგალობლიშვილთან.
MFRR-ის პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ ქვეყანაში მედიას თავისუფლად ფუნქციონირება შეეძლოს, პოლიტიკოსებისგან დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების მიღების გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც გავლენიან თნამდებობებს იკავებენ და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებენ. ასეთია პაპუაშვილი, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს, თავი შეიკავოს ჟურნალისტებზე პირადი თავდასხმებისგან.
საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას, რომლის წევრიც არის პაპუაშვილი, დაუყოვნებლივ დაგმოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია. ასევე, თავის წევრებს წარუდგინოს მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს“.
განცხადებას ხელს აწერენ: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), პრესის თავისუფლების შეუზღუდავობა (FPU) და OBC Transeuropa (OBCT).
20 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტება მოითხოვა, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატია, ევროკავშირის პრიზის ფინალში, საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში.
შოვის ტრაგედიის სიღრმისეულად და კრიტიკულად გაშუქების გამო „მთის ამბები“ არაერთხელ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.