საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ჟღენტის საქმეზე პოლიციელთა პასუხისმგებლობა ჯერ ვერ გამოკვეთა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს არ იძლევა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ოთხი თანამშრომელი ლაშა ჟღენტის მიმართ ფიზიკურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

21 წლის ლაშა ჟღენტი 20 ივლისს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ლაშა ჟღენტი და მისი ძმა, ლუკა ამბობენ, მეგობართან ერთად გადაადგილდებოდნენ, როდესაც პოლიციელებმა მიზეზის განმარტების გარეშე გააჩერეს და შემოწმება დაუწყეს.

„ზედმეტები გააკეთეს, „ტრუსიკიც“ გამოწიეს და ჩამხედეს. ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. გაღიზიანდნენ. თურმე, სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. ყვირილი დაიწყეს და ჩამტენეს მანქანაში. ერთი კისერზე მიჭერდა და მგუდავდა, წინააღმდეგობა როგორ უნდა გამეწია?! შიგნით მანქანაშიც მგუდავდნენ. თავში მირტყეს. როცა მანქანაში ჩამსვეს, ბორკილები დამადეს რომ არ გავნძრეულიყავი, ორ კაცს უკან ვეჭირე და ერთი მირტყამდა. თავიდან იმ ორმა, ვინც ჩვენთან შემოწმებაზე მოვიდნენ, შეურაცხყოფა მომაყენეს და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა. ერთი საჭესთან იჯდა და მეორე მირტყამდა. გინებითაც მაგინეს“, - განაცხადა ლაშა ჟღენტმა გათავისუფლების შემდეგ. მას დაზიანებები კისერზე, მკლავსა და ხელის მტევნებზე აღენიშნებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ლაშა ჟღენტის დედის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მათ შორის, მოიპოვეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები და გამოკითხეს ფაქტის შემსწრე „ნეიტრალური მოწმეები“.

„კერძოდ, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ. საქმეზე მოპოვებულ იქნა კერძო ობიექტის და დაკავების ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები. ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავ 3 მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და საუბრის შემდგომ ერთ-ერთი მათგანის ზედაპირულ შემოწმებას იწყებენ. აღნიშნული მამაკაცი პოლიციელებს შემოწმების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ წინააღმდეგობას უწევს, რის შემდეგაც სამართალდამცველები მის დაკავებას იწყებენ და ავტომანქანისკენ მიჰყავთ. პოლიციელებს დაკავებულის გადაყვანასა და ავტომანქანის დაძვრაში ხელს უშლის ადგილზე მოსული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პოლიციელებთან ფიზიკურ კონტაქტში შედის. მოქალაქეების შეჩერებიდან დაახლოებით 7-8 წუთში პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილს ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიების მიერ გამოიკითხა ლაშა ჟღენტის დაკავების მონაწილე და დაკავების ადგილზე მყოფი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელი. მათი განმარტებით, გოგებაშვილის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი შეაჩერეს და მათ ვინაობა ჰკითხეს, ერთ-ერთი მათგანის, ლაშა ჟღენტის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისივე თანხმობით, მასთან საპოლიციო ღონისძიების - ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების ჩატარება დაიწყეს.

„დათვალიერების პროცესში ლაშა ჟღენტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით დაიწყეს. ლაშა ჟღენტის დაკავებისას და ავტომანქანაში ჩასმისას მისი თანმხლები პირები, ასევე, შემდგომში ადგილზე მოსული ლ. ჟღენტის ბებია - გულნაზი ჟღენტი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. მათ შორის, გულნაზი ჟღენტი დაჯდა პოლიციის ავტომანქანის საჭესთან და არ აძლევდა მათ ადგილიდან დაკავებული პირის წაყვანის შესაძლებლობას. პოლიციელების თქმით, საბოლოოდ, გამოყენებული პროპორციული ღონისძიებების შედეგად, მოახერხეს ლაშა ჟღენტის ბადრაგირება პოლიციის სამმართველოს შენობაში.

პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ დაკავებული ან/და სხვა პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა სახის უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის.

სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო. ზემოხსენებული მტკიცებულებები, რომელიც ამ დროისთვის არის მოპოვებული, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

უწყება განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება „ინტენსიურ რეჟიმში“ გრძელდება, „რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.