2023 წლის პირველ ხუთ თვეში, რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება გაიზარდა და საქართველო იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. მეორე ადგილზე იტალიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კომერსანტის“ ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში 24.15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, ხოლო იტალიიდან - 23.36 მლნ ლიტრი. წლიურად, ამ ქვეყნებიდან იმპორტი, შესაბამისად, 63% და 31%-ით გაიზარდა.
„შედეგად, რუსეთში ღვინის მიწოდებაში საქართველოს წილმა 19.1%-ს მიაღწია, ხოლო იტალიის - 18.5%-ს. ამ პერიოდში ესპანეთიდან ღვინოების იმპორტი წლიურად 25%-ით გაიზარდა, 20.46 მლნ ლიტრამდე, საფრანგეთიდან - 23%-ით, 10.04 მლნ ლიტრამდე, პორტუგალიიდან - 69%-ით, 9.61 მლნ ლიტრამდე“, - წერს „კომერსანტი“.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო რუსეთისთვის ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იყო. ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტის ზრდა 2022 წლის ბოლოს დაიწყო, რაც გადახდის და ლოგისტიკური პრობლემების არ არსებობას უკავშირდება. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდას ძირითადად დაბალი და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო სავაჭრო ქსელების იმპორტი უზრუნველყოფს. ალკოჰოლური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის AST-ის გენერალური დირექტორი ლეონიდ რაფაილოვი აღნიშნავს, რომ ქსელები ღვინის მწარმოებლებთან პირდაპირ კავშირზე თავად გავიდნენ და შეუძლიათ მომხმარებლებს დახლზე მინიმალური ფასები შესთავაზონ.
სფეროს წარმომადგენლების თქმით, ქართული ღვინო ფასის დაბალი ცვალებადობით გამოირჩევა და ნულოვან საიმპორტო გადასახადს ექვემდებარება, მაშინ, როდესაც, მაგალითად, იტალიიდან რუსეთში ღვინის შეტანა გადახდებთან დაკავშირებული სირთულეებით, გაცვლითი კურსის გაზრდით და გარკვეულ პოზიციებზე უფრო მაღალი ფასებით ფერხდება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ქართული ღვინოები საცალო ვაჭრობაში კონკურენციას, საშუალო ფასის კატეგორიაში, რუსულ ღვინოებს უწევენ. ერთ-ერთი მსხვილი მეღვინე აცხადებს, რომ იმპორტირებული ღვინის საერთო დომინირება ადგილობრივ მწარმოებლებს პრობლემას უქმნის.
ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია და დღეს, მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4% უჭირავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტზე 103 252 300 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 718 200 დოლარით მეტია.
უკრაინაში ომის ფონზე საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ შეუწყვეტია. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი (219.3 მლნ. აშშ დოლარი) იყო. მას მოსდევს ჩინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.