„საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებას.
„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა ზურაბიშვილმა ბერბოკს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში სწორედ იმისთვის იმყოფება, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.
„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 23 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. ანალენა ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - თქვა ბერბოკმა დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სტუდენტებსაც შეხვდება. ის უკვე იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან.
თბილისში ჩამოსვლამდე ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს და თბილისში ვიზიტით, სურს ნათელი გახადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლის შემოდგომაზე მოამზადებს.