საქართველოს სახალხო დამცველმა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხრიდან ეთნიკური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მიმართა. საქმე ეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის არქონას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
2014-2016 წლებში, ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ მაგალითად ამამლოს თემში საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა, სკოლამდელი განათლების დაწესებულება აშენდა ბოსლებსა (2016 წ.) და სარკინეთში (2017 წ.), რომლებიც ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლებია.
2022 წლის დეკემბერში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეუწონლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა პეტიცია, რომლითაც ამამლოს თემის მოსახლეობა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას ითხოვდა. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და სხდომა 5 აპრილს გაიმართება.
სკოლამდელი განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანონმდებლობა თვითმმართველობებს ავალდებულებს, უზრუნველყონ შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება. ამ მხრივ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა.
ქვემო ქართლში დმანისი ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც ბავშვებს მასობრივად არ მიუწვდებათ ხელი ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე.
ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია. რაიონში მოსახლეობის 63 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33 % (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს.
წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არქონა ხელს უშლის ბავშვების მიერ სახელმწიფო ენის - ქართულის შესწავლას, სათანადოდ გონებრივ და სოციალურ განვითარებას, მშობლების დასაქმებას და ა.შ.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო. კანონით, საქართველოს სახალხო დამცველი, საერთო სასამართლოებთან ერთად, თანასწორობის უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმად განისაზღვრა. ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროში, ნებისმიერი დაცული საფუძვლით (რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, წარმოშობა, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გამოხატვა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება ან სხვა ნიშანი) დისკრიმინაციას დაექვემდებარნენ, შესაძლებლობა აქვთ, საჯარო უწყებების, კერძო სამართლის იურიდიული თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, სასამართლოს ან სახალხო დამცველის წინაშე იდავონ.
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით ადვოკატირების კამპანიას „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 32 მუნიციპალიტეტის მდგომარეობა შეისწავლა. ცენტრის მხარდაჭერით, წალკის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქის, ბორჯომის, ასპინძის, ტყიბულის, საჩხერის, ცაგერის, საგარეჯოს საკრებულოებში, საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით, სათემო აქტივისტებმა 16 პეტიცია წარადგინეს. ორ პეტიციაზე უარი სასამართლოშია გასაჩივრებული. სკოლამდელი განათლების მნიშვნელობისა და პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გასაუმჯობესებლად, იანვარში სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ცენტრალურ და რეგიონულ რადიომაუწყებლებში აუდიორგოლები განათავსა.